საპატრიარქო ცვლილებების მოლოდინში - რა განცხადებები კეთდება ამბიონიდან

29.03.26 20:22
საპატრიარქო ცვლილებების მოლოდინში - რა განცხადებები კეთდება ამბიონიდან

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებული პროცესები აქტიურ ფაზაში გადადის.

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა, მეუფე ისაია ჭანტურიამ ქადაგებისას დაადასტურა, რომ თუ წმინდა სინოდის რომელიმე წევრი მას პატრიარქობის კანდიდატად წარადგენს, ის ამ პასუხისმგებლობაზე უარს არ იტყვის. მისი განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილებას „უფლის ნებას“ მიანდობს.

მეუფე ისაია ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად განიხილება, რომელსაც უწმინდესის ტახტზე მომავალ პატრიარქად მოიაზრებენ. მას ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიანიჭა, რაც ეკლესიურ იერარქიაში განსაკუთრებულ ნიშნად მიიჩნევა.

არსებული ინფორმაციით, ორ თვეში საქართველოს ახალი პატრიარქი უნდა აირჩიონ. შესაძლო კანდიდატებს შორის სახელდება მეუფე დანიელიც, რომელიც ასევე ატარებს ილია მეორის მინიჭებულ განსაკუთრებულ საეკლესიო ნიშნებს. თუმცა, მისი კანდიდატურის მთავარი ბარიერი ასაკია — მაისის ბოლოს ის 71 წლის გახდება, რაც ეკლესიის მართვა-დებულების გარკვეულ მოთხოვნებთან შესაძლოა შეუსაბამობაში მოვიდეს.

თუ ასაკობრივი შეზღუდვა გადამწყვეტი აღმოჩნდა, ყურადღება სხვა კანდიდატებზე გადაერთვება. ცნობილია, რომ იმერეთის ეპარქიის წინამძღვარს, მეუფე დანიელ დათუაშვილს, განსაკუთრებული კავშირი აქვს მეუფე ისაიასთან — წლების წინ სწორედ მან შეასრულა მისი ნათლობა.

ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მკაცრ კრიტერიუმებზე საუბრობდა საპატრიარქოს წარმომადგენელი ანდრია ჯაღმაიძეც, რომელიც, არსებული შეფასებებით, მეუფე შიოსთან დაახლოებულ ფიგურად მიიჩნევა. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება საეკლესიო კრებაზე მიღებული წესებისა და კრიტერიუმების საფუძველზე იქნება მიღებული.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.