ტარიფის გაზრდამ დენის სტაბილური მიწოდება, ავარიების შემცირება და ქსელის გაუმჯობესება უნდა უზრუნველყოს - ენერგოომბუდსმენი

30.03.26 15:31
ტარიფის გაზრდამ დენის სტაბილური მიწოდება, ავარიების შემცირება და ქსელის გაუმჯობესება უნდა უზრუნველყოს - ენერგოომბუდსმენი

ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი აცხადებს, რომ “ტარიფის გაზრდამ დენის სტაბილური მიწოდება, ავარიების შემცირება და ქსელის გაუმჯობესება უნდა უზრუნველყოს“.

მისივე განმარტებით, პიკურ საათებში დატვირთავს ვერ უძლებდა ქსელი და იყო ხშირი წყვეტა და ავარიები, რაც პრობლემებს ქმნიდა მოსახლეობაში.

ენერგოსექტორში მომხმარებლების შემოსული განცხადებების ძალიან დიდი რაოდენობა, 80%, იყო ზუსტად წყვეტასთან [ელექტროენერგიის გათიშვა] დაკავშირებული და ელექტროენერგიის მიწოდებასთან პრობლემატური საკითხები. ეს იყო ხშირი წყვეტა, ავარიები, პიკურ საათებში დატვირთავს ვერ უძლებდა ქსელი. 2025-მა წელმა გვიჩვენა, რომ პიკური მოხმარების პერიოდში, როდესაც იყო განსაკუთრებული სიცხე, ქსელი იყო გადატვირთული და ავარიების რაოდენობა იყო ძალიან გაზრდილი. ამას ემატება ისიც, რომ წლიდან წლამდე იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა. გარდა იმ მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისა, რომელიც ზოგადად, ქსელის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს და ის უნდა განავითაროს, არის ის, რომ ახალი მომხმარებლების რაოდენობის შემთხვევაში, ქსელი საჭიროებს თავიდან ბოლომდე გადაწყობას და კიდევ უფრო გაძლიერებას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ამ ვითარებით, მომხმარებელი მომავალში უწყვეტ მომარაგებას ვერ მიიღებდა. შესაბამისად, კომისიის ამ გადაწყვეტილებამ მომდევნო პერიოდში უნდა უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა და ეტაპობრივად, ავარიების შემცირება, ქსელის გაუმჯობესება და ხარისხიანი მიწოდება“,- განაცხადა ნინო გულეიშვილმა.

სემეკის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ თბილისში, ისევე, როგორც რეგიონებში, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. ამასთან, 1-ელი აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც.

მსგავსი სიახლეები