სინდისის 11 პატიმრის პროცესი - სააპელაციო შემდეგ სხდომაზე ბრალდებულებს მოუსმენს
ადვოკატები სააპელაციო სასამართლოსგან პოლიტიკური მდგენელისგან დაცლილ გადაწყვეტილებას ითხოვენ. სინდისის 11 პატიმრის საქმეზე დღეს დასკვნითი სხდომა ჩატარდა. მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა. ახლა ჯერი მოსამართლეზეა, რომელიც სინდისის პატიმრებს ან ციხეში დატოვებს ან პირველი ინსტანციის სასმართლოს გადაწყვეტილებას გააუქმებს.
გაუღებს თუ არა ციხის კარს წელიწად-ნახევრიანი პატიმრობის შემდეგ მოსამართლე თეა ლეონიძე სინდისის პატიმრებს ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. სასამართლოზე, დღეს, დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა რეზო კიკნაძის ადვოკატმა. ბიჭი, რომელიც ხელსახოცის სროლის გამო ზის ციხეში, ახლა ვერდიქტს ელის. უფლებადამცველმა დღეს სასამართლოს გაახსენა ისიც, რომ ამ დრომდე გამოძიებამ ვერ თქვა ვინ დაავალა ბრალდებულს თეთრი ხელსახოცის გადაგდება.
არავის მითითებებს რომ არ ასრულებდა კიდევ ერთი ბრალდებული, ვალერი თეთრაშვილი ამაზე დღეს ადვოკატმა ჭკადუამ ისაუბრა დასკვნით სიტყვაში. ხაზი უფლებადამცველმა იმას გაუსვა, რომ თეთრაშვილის არც კონტაქტი და არც ნაცნობობა სხვა ბრალდებულებთან არ არის დადასტურებული.
წელიწად-ნახევარია გამოძიებას ამოღებული აქვს დაკავებულების ტელეფონები, თუმცა მეორე ინსტანციის სასამართლო სხდომის დასრულების მიუხედავადაც გამოძიებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქმეზე მტკიცებულებები შეეგროვებინა.
სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვთ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს. მათი შეფასებით, ქვეყანაში გადაწყვეტილებას ერთი კაცი იღებს და როგორც ის გადაწყვეტს ყველაფერი ისე დასრულდება.