"ადამიანურად ძალიან მინდა, რომ ეს ყველაფერი, რაც ალეკო ელისაშვილის გარშემო ხდება, ერთი დიდი სიზმარი იყოს" - იოსელიანი
"ადამიანურად ძალიან მინდა, რომ ეს ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება, ერთი დიდი სიზმარი იყოს" - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა და ალეკო ელისაშვილის შესახებ ისაუბრა.
ომბუდსმენის თქმით, ვინაიდან ადვოკატებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, მას საქმის მასალები ჯერჯერობით არ უნახავს, შესაბამისად სახალხო დამცველის აპარატს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმესთან დაკავშირებით პოზიციის ჩამოყალიბების შესაძლებლობა არ მისცემია.
ახლახანს გავრცელდა და ტელეფონში ვუყურებდი ამ კადრებს, მაგრამ ამ კადრებამდე საქმის მასალებს რაც შეეხება, რომელიც ალეკო ელისაშვილის საქმეში არის, სამწუხაროდ, მის ადვოკატებს აქვთ ხელი მოწერილი გაუთქმელობაზე, შესაბამისად ჯერჯერობით მე არ მომცემია საშუალება, რომ მისი საქმის მასალები მენახა. საქმის მასალები, როგორც სხვა შემთხვევაში, პაატას შემთხვევაში, ან სხვების შემთხვევაში, ადვოკატებს მოაქვთ ჩვენთან, ჩვენ მერე ვსწავლობთ და შეგვიძლია ამაზე დაყრდნობით რაღაც დასკვნა გამოვიტანოთ და პოზიცია ჩამოვიყალიბოთ, ალეკოს შემთხვევაში ჯერ ამის შესაძლებლობა არ მოგვცემია. თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება და ეს საქმის მასალები საბოლოოდ იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის ჩემთვისაც და ყველა ის საკითხი, რაზეც ადვოკატები აპელირებენ და რაზეც საზოგადოებაში შეიძლება კითხვები არსებობდეს, მე, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ობიექტურად გავცემ ამას პასუხს. აქ მეგობრობაა არაფერ შუაში და არც არაფერი, როგორც ამ შემთხვევაშ სახალხო დამცველი, როგორც ყველა სხვა მსჯავრდებულის და ბრალდებულის მიმართ, ასევე ობიექტური იქნება ჩემი შეფასება.
ადამიანურად ძალიან მინდა, რომ ეს ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება, ერთი დიდი სიზმარი იყოს და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დასრულდეს, მაგრამ ვნახოთ," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.