მეუფე ნიკოლოზი პატრიარქის არჩევნებში რუსეთის ჩარევას არ გამორიცხავს

31.03.26 15:16
მეუფე ნიკოლოზი პატრიარქის არჩევნებში რუსეთის ჩარევას არ გამორიცხავს

 

 

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი პატრიარქის არჩევნებში რუსეთის ჩარევას არ გამორიცხავს. სასულიერო პირმა "პირველებთან" რუსეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებამდე ისაუბრა. 

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ამ არჩევნებზე ინტერესი არსებობს, როგორც უცხო ქვეყნის, ისე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მხრიდანაც. 

ბუნებრივია, რომ მოქმედ ხელისუფლებას თავისი ხედვა ჰქონდეს ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობის. ვის უფრო მეტი უნარი აქვს ამისი, ვის უფრო მეტი რესურსი აქვს -  ეს ხომ მარტო ჩვენი ქვეყანა არ არის, უცხო ქვეყნის ინტერესებიც ხომ არის და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების ინტერესებიც არის, რა თქმა უნდა აქ - ყველასი, რუსეთის, ბიზანტიის, ანუ მსოფლიო საპატრიარქოსი", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 

მაღალმა იერარქმა ისაუბრა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების წარმომადგენელის, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის თბილისში ვიზიტზეც, პატრიარქის დაკრძალვის დღეს. მეუფე ნიკოლოზის თქმით, რუსეთს ალფაევის დახმარებით რომც ეცადა გავლენა მოეხდინა პატრიარქის არჩევნებზე, ამას იმ მძიმე დღეს (პატრიარქის დაკრძალვსი დღეს) ვერ განახორციელებდა. 

მემგონი ახლა რომ იყვნენ ჩამოსულები, ეს ისეთი დრო იყო, მცდელობაც რომ ჰქონოდათ, არაფრით არ გამოვიდოდა. მთელი ყურადრება ერთ ადამიანზე იყო კონცენტრირებული, რომ პატრიარქი ღირსეულად დაგვესაფლავებინა. იქ რომც ვინმეს ამის მცდელობა ჰქონოდა, მემგონი წარუმატებელი იქნებოდა. ალფაევი ძალიან ის არის... [] მგონი ეს მორიგი მაგალითია იმის, როგორი ცილისწამების მსხვერპლია. ამ ალფაევის ყველაფერი ვიცი, იმიტომ, რომ მართლა ბავშვობიდან დადიოდა საქართველოში და კარგად ვიცნობ. მართლა მძიმე ამბები გადახდა ამ ადამიანს თავს. ალფაევის საშუალებით გავლენის მოხდენა წარმოუდგენელია. დავიწყოთ იქიდან, რომ ალფაევი მაშინ მაღალი რანგის სასულიერო პირი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა განყოფილების - თავმჯდომარე იყო, რასაც რუსეთის პატრიარქი კირილე განაგებდა მანამდე. მე არ ვიცი, მაგრამ თუ რამე რუსეთი ეკლესიას საკუთარი აზრის გამოხატვა უნდა, არ არის აუცილებელი, რომ ოფიციალური წარმომადგენელი გამოაგზავნოს. უბრალო სატელეფონო საუბრითაც შეუძლია გამოხატოს ეს აზრი", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

  • ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) განცხადება გაავრცელა. 

რუსეთის საგარეო დაზვერვა მსოფლიო პატრიარქს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

СВР ირწმუნება, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს პატრიარქობის კანდიდატებად მიტროპოლიტებს - აბრაამ გარმელიასა და გრიგოლ ბერბიჭაშვილს ლობირებს.

  • უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი 77 წლისაა და საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. [კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა].

 

მსგავსი სიახლეები