სოციალურად დაუცველთა ბაზაში 379 957 ბავშვია, მათგან 23 322 ახალი დარესგირტირებულია - ომბუდსმენის ანგარიში
საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში სიღარიბე კვლავ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ბავშვებზე, ისე ხანდაზმულებზე. დოკუმენტის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში 379 957 ბავშვია რეგისტრირებული, მათგან 23 322 — პირველად.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სოციალური მდგომარეობა უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებების სრულფასოვან რეალიზაციაზე და განსაკუთრებით ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას.
„სიღარიბე კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას. 2025 წელს სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 1 307 607 პირს. აქედან საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობაა 463 122 მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება ბავშვთა სიღარიბეს, 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა. სიღარიბე უარყოფით გავლენას ახდენს ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაციაზეც. საგულისხმოა, რომ მაღალია ხანდაზმულ პირთა სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი. ამის გამო, ქვეყანაში ხანდაზმულები მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან”,- ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტი ასევე ეხება საპროტესტო აქციებზე დაკავებებისა და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2025 წელს აქციებზე დაკავებულ 573 პირს შორის 302-მა მიუთითა არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 194-ს დაზიანებები აღენიშნებოდა.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეიცვალა საკანონმდებლო გარემოც — გამკაცრდა შეკრების თავისუფლების რეგულაციები და შეიზღუდა სასამართლო პროცესების საჯაროობის პრინციპი.
ცალკე ყურადღება ეთმობა გენდერულად მოტივირებულ მკვლელობებს. ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს დაფიქსირებული 12 ქალის მკვლელობის ფაქტიდან 10 ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი, ხოლო მკვლელობის მცდელობის 21 შემთხვევიდან 9 — ასევე ოჯახის წევრების მიერ.
„გენდერული თანასწორობის ჭრილში საგულისხმოა, რომ, სამწუხაროდ, ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობების - ფემიციდის პრევენცია და ამგვარ საქმეებზე მართლმსაჯულების და სამართალდაცვითი ფუნქციების ეფექტიანი აღსრულება კვლავ გამოწვევად რჩება. 2025 წელს გამოვლენილი 12 ქალის მკვლელობის ფაქტიდან, 10 ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი, ხოლო მკვლელობის მცდელობის 21 ფაქტიდან 9 ოჯახის წევრმა ჩაიდინა. საერთო სტატისტიკური მონაცემიდან, პროკურატურამ ფემიციდი გამოკვეთა 5 შემთხვევაში, ხოლო ფემიციდის მცდელობა 8 შემთხვევაში. სამწუხაროდ, 2025 წელსაც ვლინდება შემთხვევები, როდესაც, შესაძლო ძალადობის შესახებ სახელმწიფოს წინასწარი ინფორმაციის მიუხედავად, ქალის მკვლელობის/მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა”,- ნათქვამია ანგარიშში.