"გადახსნილი ჭრილობებით ყრიან ძაღლები სისველეში" - მოქალაქეები ისევ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფართან მივიდნენ

03.04.26 15:47
"გადახსნილი ჭრილობებით ყრიან ძაღლები სისველეში" - მოქალაქეები ისევ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფართან მივიდნენ

მოქალაქეები ისევ თბილისის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფართან მივიდნენ. აქტივისტების ნაწილმა დღეს შიდა ტერიტორიაზე შესვლაც მოახერხა. მათი თქმით, გუშინდელთან შედარებით, ვითარება კიდევ უფრო დამძიმებულია და გასტერილებული ძაღლები ანტისანიტარიაში იმყოფებიან.

დღეს მოვედი, აი, ასე გულგახეთქილი შემოვედი აქ და რატომღაც მომიწია, მოვახერხე, რომ შევედი შიგნით და დამხვდა საშინელი სიტუაცია. ეს არ შეესაბამაება არცერთ პირობებს. კასტრირებული, გადახსნილი ჭრილობებით ყრიან ძაღლები სისველეში და კანკალებენ. არ ვიცი, შველას ითხოვენ, მოკლედ. დროა, მემგონი, გამოვფხიზლდეთ, იმიტომ, რომ ეს ხალხი იმდენად აგრესიულია, აგრესიაში შემოვიდნენ. მე თვითონ ექიმი ვარ და მე თვითონ შემაძრწუნა იმ ფაქტმა, რაც დღეს ჩემმა თვალებმა დაინახა, - ამბობს მოქალაქე.  

ამ დროისათვის თავშესაფარში მოქალაქეებს აღარ უშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ მიღების საათები 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. შეკრებილები ამბობენ, რომ ადგილზე მივიდნენ, რათა ცხოველები მიიკედლონ, თუმცა ამას ვერ ახერხებენ. 

დაახლოებით 15 წუთის წინ მოვედი, თუმცა არ მომეცა შესაძლებლობა შესვლის. მეუბნებიან, რომ სამიდან ხუთ საათამდეა შეშვების დრო და ველოდები, უნდა წავიყვანი 5 მძიმედ მყოფი ლეკვი დედასთან ერთად, რომლებსაც არც მედიკამენტებს აძლევენ აქამდე, საკვებიც არ აქვთ ლეკვებს, არც წყალი და მეუბნებიან, რომ შესაძლოა, წავიყვანო ან შეიძლება, ვერ წავიყვანო. უფროსობასთან უნდა შევათანხმოო. რა ტიპის პროცედურა უნდა გავიარო, რომ ეს შეთანხმება მოხდეს და მომცენ უფლება, რომ წავიყვანო ლეკვები, ამას ჯერ ვერ გეტყვით, - ამბობს მოქალაქე.