კალაძე ამტკიცებს, რომ კომპანია, რომელიც უფასო სასადილოებიდან ფულს იპარავდა, ტენდერებში კონკურენციის გარეშე არ იმარჯვებდა

03.04.26 15:41
კალაძე ამტკიცებს, რომ კომპანია, რომელიც უფასო სასადილოებიდან ფულს იპარავდა, ტენდერებში კონკურენციის გარეშე არ იმარჯვებდა

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ კომპანია შპს „Aladashvili & co“, რომელიც სუს-ის გამოძიების თანახმად, უფასო სასადილოებიდან ბენეფიციარების ფულს იპარავდა, ტენდერებში კონკურენციის გარეშე არ მონაწილეობდა.

კალაძის თქმით, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა ტენდერის სახით ხდებოდა.

სასადილოებთან დაკავშირებით, ცხადდებოდა ინტერესთა გამოხატვა, ტარდებოდა ტენდერები, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა კომპანიები და ტენდერის სახით ხდებოდა გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა. 

პასუხისმგებლობა ვისაც ეკისრება, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ვინც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, ყველა აგებს პასუხს, - განაცხადა კალაძემ.

სუს-ი ამბობს, რომ მოპარულია უფასო სასადილოებში გაჭირვებული ბენეფიციარების კვებისთვის გამოყოფილი მილიონები - დაკავებულია სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და ერთი თანამშრომელი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით - 26 513 573 ლარი.

  • შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“.

სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.

კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.