უფასო სასადილოებიდან მოპარული ფულის საქმეზე ბრალდებულებს 100 000 და 50 000 ლარის საპატიმრო გირაო შეეფარდათ
უფასო სასადილოებიდან მოპარული ფულის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებსი სახით საპატიმრო გირაო შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე მეია მელქაძემ გამოაცხადა.
მართალია დღეს პროკურატურა პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობით შევიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც Aladashvili & co-ს დირექტორმა და სხვა ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს, საპატიმრო გირაო მოითხოვა.
რეზო ადალაშვილს 100 000 ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო შეეფარდა. ხოლო სხვა ბრალდებულების - თეონა ჯავახიშვილს, ბესიკ დოხნაძეს, ზურა ცაგურიშვილს და ბადრი ბადრიაშვილს 50 000.
- სუს-ი ამბობს, რომ მოპარულია უფასო სასადილოებში გაჭირვებული ბენეფიციარების კვებისთვის გამოყოფილი მილიონები - დაკავებულია სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და ერთი თანამშრომელი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით - 26 513 573 ლარი.
- შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“.
სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.
კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.