"დასრულდეს ცხოველების სავარაუდო წამება და გატაცებული ძაღლები დაბრუნდნენ ქუჩებში" - აქცია კანცელარიასთან

04.04.26 15:20
"დასრულდეს ცხოველების სავარაუდო წამება და გატაცებული ძაღლები დაბრუნდნენ ქუჩებში" - აქცია კანცელარიასთან

"მიუსაფარი ცხოველების ხოცვას ვერ დააკანონებთ" - ამ შინაარსის  განცხადებები ისმის, ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. კანცელარიასთან ცხოველთა უფლებადამცველები აქციას მართავენ. 

დასრულდეს ცხოველების სავარაუდო წამება და გატაცებული ძაღლები დაბრუნდნენ ქუჩებში - ეს არის ის ორი მთავარი მოთხოვნა, რის გამოც უფლებადამცველები პროტესტზე გადავიდნენ.

მიუსაფარი ცხოველების დამცველებ ითხოვენ „პირვანდელ არეალში დაბრუნების“ ვალდებულება  გაიწეროს კანონშიც, განკარგულებებშიც და, რაც მთავარია, უნდა დაინერგოს პრაქტიკაშიც. მათი თქმით, N412 განკარგულებიდან ამოსაღებია ბუნდოვანი ჩანაწერი (მუხლი 3, პუნქტი 3) დაბრუნების არეალის შეზღუდვაზე.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნებისმიერ მიმკედლებელს თუ დაინტერესებულ მოქალაქეს უნდა მიაწოდოს ოფიციალური, დოკუმენტებით გამყარებული ინფორმაცია იმაზე, თუ სად იმყოფება/სად დასვეს ნებისმიერი გაუჩინარებული ცხოველი. 

როდესაც ძაღლებს წაიყვანენ, იმ ადგილებში უკან უნდა დააბრუნონ, ეს არის ჩვენი ძირითადად შეკრების თემა და მეორე, ეს ყველაფერი უნდა იყოს ლუსტრირებული. უნდა ხდებოდეს ამის გადაღება. 

რა თქმა უნდა ცოხველები უნდა იყვნენ აღრიცხულები, რა თქმა უნდა, პროცესი უნდა იყოს კანონიერ ჩარჩოში ჩატეული, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ქუჩის მიუსაფარი ცხოველები არ გვყქვდეს, მაგრამ რაც გვყავს არ უნდა შევეხოთ. პროცესი უნდა იყოს ჰუმანური", - აცხადებს მარინა ბერსენაძე. 

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეგიონებში მოსახლეობის მიერ მიკედლებული მიუსაფარი ძაღლები ტერიტორიიდან მიჰყავს. ადამიანები, რომლებიც Facebook-ზე ფოტო/ვიდეო მასალას ავრცელებენ, ასევე ჰყვებიან, რომ ზუსტად არ იციან, სად გადაჰყავთ მათ მიერ მიკედლებული და მზრუნველობაში მყოფი ცხოველები.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხოველები გორის მუნიციპალიტეტის თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც კრემატორიუმი გვიან ღამით მუშაობდა, სავარაუდოდ, ცხოველთა დაწვის მიზნით - სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ რეგიონებიდან აყვანილი არც ერთი ძაღლი გორის თავშესაფარში არ გადაუყვანიათ.