ივანიშვილის მთავრობამ უდანაშაულო ჟურნალისტის მკვლელობას, ფაქტობრივად, ხელი მოაწერა - მუხთარლი სადიგოვზე
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ქართველ კოლეგებს და აქტივისტებს მოუწოდებს, აფგან სადიგოვს მხარდაჭერა გამოუცხადონ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
მუხთარლი პირდაპირ ამბობს, რომ სადიგოვის აზრებაიჯანისთვის გადაცემაში სუსმა პირდაპირი როლი შეასრულა, ხოლო მოსამართლეებმა, ფაქტობრივად, უდანაშაულო ჟურნალისტის მკვლელობას მოაწერეს ხელი.
გურჯი კოლეგებს, საქართველოს დემოკრატიულ ძალებსა და იმ მებრძოლ ადამიანებს, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეფყან სადიყოვთან ერთად თავისუფლების მოედანზე მხარდამხარ იბრძოდნენ ივანიშვილის დიქტატურის წინააღმდეგ, ვთხოვ ეფყან სადიყოვის დაცვას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ღამის საათებში, საათის ისრის 02:00 საათზე, ღამურების მსგავსად სხდომა ჩაატარა და გადაწყვიტა ეფყან სადიყოვის აზერბაიჯანში დეპორტაცია. საქართველოს ისტორიაში რამდენჯერ ჩატარდა სასამართლო პროცესი კვირა დღეს, ღამის 2 საათზე? ეფყან სადიყოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა პირდაპირი როლი შეასრულა. უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით ეფყან აზერბაიჯანს გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ მეც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გამიტაცა.
წინასწარ იყო შემუშავებული ეშმაკური გეგმა. ეფყან სადიყოვის პასპორტი დეაქტივირებულია, რათა მან მესამე ქვეყანაში გადასვლა ვერ შეძლოს. ბაქოში მას სიკვდილი ელოდება. ივანიშვილის მთავრობამ და თბილისის სასამართლოს ღამური ბუნების მქონე მოსამართლეებმა უდანაშაულო ჟურნალისტის მკვლელობას ფაქტობრივად ხელი მოაწერეს, - წერს მუხთარლი.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლემ გამთენიისას მიიღო. მის ექსტრადიციას აზერბაიჯანი თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა.
სადიგოვი თბილისში მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილე იყო და ბოლო წლებში რამდენჯერმე დააკავეს, მათ შორის გზის გადაკეტვის ბრალდებით. 2024 წელს მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.
ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში კრიტიკული პოზიციის გამო იდევნება და ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის საფრთხე ემუქრება. პატიმრობის პერიოდში სადიგოვი 141 დღე შიმშილობდა.