ტრადიციული ლელობურთი ლანჩხუთში შესაძლოა, წელს არ გაიმართოს

05.04.26 11:00
ტრადიციული ლელობურთი ლანჩხუთში შესაძლოა, წელს არ გაიმართოს

ტვ „პირველის“ ინფორმაციით, ტრადიციული ლელობურთი, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ყოველწლიურად აღდგომის დღეს იმართება და საუკუნოვანი ისტორია აქვს, წელს შესაძლოა აღარ გაიმართოს.

როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა შუხუთელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პატრიარქის გარდაცვალების გამო, მისი პატივისცემის ნიშნად ტრადიციული თამაში არ უნდა ჩატარდეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ლანჩხუთის მერიაში ამ ეტაპზე ვერ ადასტურებენ. მათი თქმით, წელს ნამდვილად არ გაიმართება სადღესასწაულო პროგრამა და გასართობი ღონისძიებები, რომლებიც თამაშს წინ უძღვის. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ეს მოსახლეობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ამ დროისთვის ლანჩხუთის მერიას ბიუჯეტიდან მხოლოდ ბურთის შეკერვისთვის საჭირო თანხა აქვს გამოყოფილი. ლელო ბურთი დაახლოებით 16 კილოგრამს იწონის და ის ტრადიციულად თამაშის დილას იკერება.

საბოლოო გადაწყვეტილება, გაიმართება თუ არა თამაში, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ლელო ბურთის თამაში შუხუთელებს ისტორიაში მხოლოდ სამჯერ არ გაუმართავთ — პირველად 1989 წელს, 9 აპრილის ტრაგედიის გამო, შემდეგ კი 2020 და 2021 წლებში, პანდემიის პერიოდში.