ღვთისმეტყველებას ვერსად ისწავლი, ის ღმერთთან სიახლოვით მოდის - მეუფე იაკობი
ღვთისმეტყველებას ვერსად ისწავლი — ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება ღმერთთან სიახლოვით მოდის.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში საკუთარი ნება უფრო აქტუალურია, ვიდრე ღვთის ნების ძიება, რაც სულიერი სისწორის დაკარგვას იწვევს.
მეუფე იაკობმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები მისი სიძლიერის დასუსტებას ემსახურება, თუმცა ეკლესია ამ გამოწვევებს გაუძლებს.
ამ ბოლო დღეებს და ბოლო კვირეებს რომ ვუყურებ, ბოროტმა ის გააკეთა, რომ ღვთის ნებას კი არ ვეძებთ ჩვენ, ჩვენს საკუთარ ნებაზე ვართ გადასული, ან ვიღაცას დავაბრალოთ, იმის ნება ეს არის, ამის ნება ის არის. ღვთის ნება ვეძიოთ ყოველთვის, ყველა საქმეში.
ღვთისმეტყველებას ვერსად ისწავლი. ღვთისმეტყველი რომ იყო, ღმერთი უნდა იყოს შენთან. მსოფლიო ეკლესიამ სამ ადამიანს უწოდა ღვთისმეტყველი. ისინი მდაბალი ადამიანები იყვნენ და არასდროს იტყოდნენ, რომ ღვთის ნება ვიციო.
მშვიდად იყავით, ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია. მშვიდობიანად გავივლით ამას. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, პირდაპირ გეტყვით, ეკლესიის ძლიერება ვის აწყობს, ხომ? ბოროტს ხომ არ აწყობს? და იბრძვის იმისთვის, რომ ერთმანეთი გადაგვკიდოს და თუ გადავეკიდებით, მერე ადვილად დაგვშალოს და ეკლესიას საკმაოდ გვაქვს ის ძალა, რომელსაც არც ჩვენთან მივცემთ უფლებას, რომ მაგ გზაზე წავიდნენ და გარეთ ხომ გამორიცხულია. ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ, - თქვა მეუფე იაკობმა.