განცდა გვიჩნდება, რომ მფარველები ჰყავთ - ბაკურიანში დაღუპული მოთხილამურის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს
ბაკურიანში ტრაგიკულად დაღუპული გიორგი ტუხაშვილის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს. საუბარია 2024 წლის 19 იანვარს მომხდარ შემთხვევაზე.
ოჯახი ამბობს, რომ ტრაგიკული შემთხვევიდან 2 წლის თავზეც საქმე გამოძებული არ არის. 34 წლის მოთხილამურეს ახლობელი ირწმუნება, რომ მისი შვილის გარდაცვალება სათხილამურო ტრასაზე უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგია. მათი თქმით, საქმეში ფიგურირებენ ძმები — სანდრო და საბა სტეფანიანები, რომლებიც ამ დრომდე დაკავებული არ არიან. ქალის თქმით, სწორედ მათ შეუქმნეს გიორგი ტუხაშვილს ხელოვნური დაბრკოლება სათხილამურო ტრასაზე, რაც ტრაგიკულად დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ძმები სტეფანიანები ბიზნესმენ ვლადიმერ სტეფანიანის შვილები არიან.
ოჯახი ახლა დახმარებას გენერალურ პროკურორს სთხოვს და ითხოვს, რომ საქმეზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხისგებაში მიეცეს.
ამოღებულია ვიდემასალა, სადაც არაპროფესიონალიც დაინახავს, რომ ეს ადამიანები, დამნაშავეები, სტეფანიანებს ვგულისხმობ, შედიან სასრიალო ტრასაზე, მოთხილამურეების საწინააღმდეგო მიმართულებით, აჩერებენ ბურანს სათხილამურო ტრასაზე და თვითნ ფეხით, ქვეითად გადაადგილდებიან და პრაქტიკულად, საფრთხეს უქმნიან მოთხილამურეს. ამ ორი ძმიდან ეს უფროსი ძმა არის გათოვლიანების მენეჯერი. ის პასუხისმგებელია ტრასების უსაფრთხოებაზე და სამსახურეობრივი მიზნით, ყოველგვარი წესების დარღვევით, წესების დარღვევაში ვგულისხმობ, რომ მის ბურანზე არ ყოფილა არანაირი ციმციმა მიმანიშნებელი, რომ ის გადაადგილდებოდა. ეს იყო სამუშაო საათები, როდესაც მოთხილამურეები ეშვებოდნენ, ის შედის არაეკიპირებული, მოთხილამურეების საწინააღმდეგო მიმართულებით, ბურანს აჩერებს ზედ ტრასაზე და ფეხით იწყებს გადაადგილებას. ერთ დანაშაულს უმატებს მეორეს, რომ თვითონ ხომ შედის ასე, მას მიჰყავს თავისი მცირეწლოვანი ძმა ასევე ტრასაზე და თვითონ გადაადგილებას იწყებს ტრასის შიგნით და ზემოთ, საიდანაც უკვე აფიქსირებს, რომ მისკენ მოემართება მოთხილამურე. გიორგი ირჩევს კლდის მხარეს, სადაც ამ მომენტში მისი უმცროსი ძმა არ სჩანს და გადააწყდება ამ უმცროს ძმას, რომელსაც ასევე აცილებს და მცირედ დაზიანებას აყენებს მას - ეს არის წვივის მოტეხილობა. თვითონ ადგილზე გარდაიცვლება, მას ყველა ორგანო უსკდება.
ბრალი არ აქვთ დანაშავეებს წაყენებული და შესაბამისად, ისინი არ არიან დასჯილები. განცდა გვიჩნდება და დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ მას ჰყავს ძლიერი მფარველები, ამ ოჯახს და შესაბამისად, პასუხისმგებლობას არიდებენ თავს. ოჯახი ითხოვს დამნაშავეების დასჯას, პასუხისგებაში მიცემას ორივე ძმის, - ამბობს ლალი წიკლაური.
ტუხაშვილების ადვოკატი საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს. იტერესების დამცველი მიიჩნევს, რომ გარდა სტეფანიანების, უნდა დადგეს "კრისტალჯგუფის" ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაც გამომდინარე იქიდან, რომ სათხილამურო ტრასა, სადაც 34 წლის გამოცდილმა მოთხილამურემ სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა, წესების დარღვევით ფუნქციონირებდა.