ორი წელი და ორი თვე მოლოდინში - ბაკურიანში დაღუპული მოთხილამურეს ოჯახი ძმები სტეფანიანების დასჯას ითხოვს
ბაკურიანში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან 2 წელი და 2 თვე გავიდა, თუმცა ამ დრომდე არ დაუკავებიათ პირები, რომლებიც, ოჯახის განცხადებით, სათხილამურო ტრასაზე უსაფრთხოების წესების დარღვევით მართავდნენ ბურანს და შემდეგ ფეხით გადაადგილდებოდნენ.
ოჯახის ინფორმაციით, სწორედ ამ გარემოებებმა გამოიწვია ოთხი შვილის მამის, 35 წლის მამაკაცის დაღუპვა სრიალის დროს.
გაჭიანურებული გამოძიების გამო გარდაცვლილის დედამ საჯაროდ მიმართა გენერალურ პროკურორს და მოუწოდა, საქმით დაინტერესდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროს სანდრო და საბა სტეფანიანებს.
არსებული ინფორმაციით, ძმები სტეფანიანები ბიზნესმენ ვლადიმერ სტეფანიანის შვილები არიან. მედიის ცნობით, სტეფანიანი წარსულში კორუფციულ ბრალდებებზე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
დაღუპულის ოჯახი ვარაუდობს, რომ საქმეში შესაძლოა გავლენიანი კავშირები მოქმედებდეს, რის გამოც ბრალდებულები პასუხისმგებლობას ამ დრომდე არიდებენ თავს.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.