საზღვარგარეთ მყოფი წვევამდელი ჯარში გაწვევის შემთხვევაში საქართველოში უნდა დაბრუნდეს
სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის წესები იცვლება და მკაცრდება. საზღვარგარეთ დროებით წასული წვევამდელი ვალდებული იქნება, ჯარში გაწვევის შეტყობინების მიღებისთანავე საქართველოში დაბრუნდეს და გაწვევის კომისიაში გამოცხადდეს. ამას გარდა, ჩაბარებულად ჩაითვლება უწყება, რომელიც გაწვევაზე პასუხისმგებელი ორგანოს საიტზე გამოქვეყნდება.
იცვლება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის, შეტყობინების, უწყების ჩაბარების პროცედურები. წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით, შეტყობინების,უწყების ჩაუბარებლობა წვევამდელს პასუხისმგებლობისგან ვეღარ გაათავისუფლებს.
ასეთ შემთხვევაში, ეს შეტყობინება,უწყება ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა. გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს კი უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.
თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი არ მოხდება 2 სამუშაო დღის ვადაში, ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანო, მის ოფიციალურ ვებგვერდზე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში, პირი ვალდებულია, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ ორგანოში.
შეტყობინება/უწყება შესაძლოა ჩაბარდეს როგორც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირს, ასევე მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. ოჯახის წევრები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით" - წერია კანონპროექტში.
კანონპროექტში განმარტებულია, რა მეთოდებითა და თანმიმდევრობით ხდება პირისთვის გამოძახების შესახებ შეტყობინების გაგზავნა.
- პირისთვის შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, რაც დასტურდება პირის ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი უარს ამბობს დოკუმენტის ხელმოწერაზე, შეტყობინების/უწყების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით;
- ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რაც დასტურდება უკუკავშირით და შესაბამისი ორგანოს მიერ შედგენილი აქტით;
- შეტყობინების/უწყების საჯაროდ გამოქვეყნება.
შესაბამისი ტერმინოლოგიური ცვლილება შედის "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონშიც, რომელშიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი წვევამდელის გასაწვევად გამოძახების ნაწილში ტერმინი: "სათანადო შეტყობინების მიღებისთანავე" შეიცვლება ტერმინით: „სათანადო შეტყობინების/უწყების ჩაბარებისთანავე“.
ასევე, კანონპროექტით დგინდება ის სპეციალობები, სადაც სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებს პარალელურად მუშაობა შეეძლებათ. ამისთვის თავდაცვის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობა იქნება საჭირო.
"სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით, არაუმეტეს 1 წლის ვადით, განხორციელებული სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამედიცინო საქმიანობა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, სახელმწიფო საწარმოში ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა;
სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით (მათ შორის, მის შერჩევაში სამინისტროს მონაწილეობით), არაუმეტეს 1 წლის ვადით, საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობა". - წერია კანონპროექტში.
კანონპროექტის მიხედვით, თუ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფი პირი კონტრაქტს თვითნებურად შეწყვეტს და იმ დროისთვის მას სამხედრო სამსახურში 1 წელზე ნაკლები ექნება ნამსახურები, მას 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაიყვანენ, თუ არ ექნება გაწვევისგან გათავისუფლების ან გადავადების უფლება, ან მძიმე ოჯახური მდგომარეობა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით - ხოლო თუ 1 წელი ან უფრო მეტი ექნება ნამსახურები, მაშინ ის თავდაცვის ძალების რეზერვში ჩაირიცხება.
6 აპრილს კანონპროექტს ივანიშვილის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე I მოსმენით მხარი დაუჭირეს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ დაუყოვნებლივ დაბრუნება არსად წერია, იქ წერია გონივრული ვადა.
დაუყოვნებლივ ჩამოსვლა არსად წერია, იქ არის გონივრული ვადა. გონივრული ვადა ფასდება ინდივიდუალურად, იმისათვის, რომ ან დაასრულოს თუ რაიმე საქმე აქვს და ისე დაგეგმოს თავისი ვალდებულების მოხდა. თუნდაც საქართველოშიც ჰქონდეს რაიმე ისეთი პროფესია, დეფიციტური მაგალითად, ან მისი ამ სამსახურის დაკარგავ გამოიწვესვ მთელ რიგ პრობლემებს, ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას. აქამდეც ასე იყო, სიახლე საიტზე ატვირთვის არ შემოგვაქვს, წლებია ეს მექანიზმი არსებობს, როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებში, ასევე თავდაცვის მინისტროშიც, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.