ძალიან მძიმე შედეგებს გამოიღებს - ეკა ბესელია სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებაზე

06.04.26 13:31
ძალიან მძიმე შედეგებს გამოიღებს - ეკა ბესელია სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებაზე

“მართლმსაჯულების სახელის“ ხელმძღვანელი, ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებას  კონკრეტული შედეგები მოჰყვეს, მათ შორის, დამატებითი სანქციები „ქართული ოცნების“ წევრების წინააღმდეგ.

მისი თქმით, საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა, რომელსაც აქვს კონკრეტული ვალდებულებები, რომლის უგლებელყოფა უშედეგოდ არ ჩაივლის.

ბესელია პასუხისმგებლობას აკისრებს იმ მოსამართლეებს, რომლებიც, მისი თქმით, ასეთი ტიპის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს.

აქ არის სახიფათო პროცესი, რომელსაც ბოლო პერიოდში ვხედავ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებთან მიმართებაში. ადრე თუ უფრო მეტი მგრძნობელობა და მაღალი მიმღეობა იყო ამ გადაწყვეტილებების შესრულების, ახლა ვხედავთ, რომ სასამართლოს მიმართაც უკვე უპატივცემლობას იჩენს საქართველოს მთავრობა. პირველ რიგში მოსამართლეებს აკისრიათ ეს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ, მოსამართლის მიერ, დარღვეული უფლებები მთლიანობაში მიიყვანს ქართულ სახელმწიფოს იმ სანქციებამდე, რომელსაც ადგენს ევროპის მინისტრთა კომიტეტი, როდესაც არ ასრულებს მონაწილე ქვეყანა დადგენილ სტანდარტებს, ან მიღებულ გადაწყვეტილებებს. ერთადერთი, სადაც საქართველო არის წევრი დღეს, ევროპული ფორმატის, ეს არის ევროპის საბჭო, თუ აქაც კი გამოიჩენს ის უპატივცემულობას, და ისეთ მიდგომებს, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, ეს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიღებს, - აცხადებს ბესელია.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლემ 5 აპრილს, გამთენიისას მიიღო. მის ექსტრადიციას აზერბაიჯანი თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა.

სადიგოვი თბილისში მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილე იყო და ბოლო წლებში რამდენჯერმე დააკავეს, მათ შორის გზის გადაკეტვის ბრალდებით. 2024 წელს მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში კრიტიკული პოზიციის გამო იდევნება და ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის საფრთხე ემუქრება. პატიმრობის პერიოდში სადიგოვი 141 დღე შიმშილობდა.