მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი დააკავეს

06.04.26 14:02
მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი დააკავეს

ახლახან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის მეუღლე, სევინჩ სადიგოვა სოციალურ ქსელში წერს.

სადიგოვას თქმით, ამ დროისთვის მისთვის უცნობია, სად წაიყვანეს აფგან სადიგოვი.

„გუშინ მისი დეპორტაცია საქართველოდან აზერბაიჯანში, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრძანებით განხორციელდა“, - წერს სადიგოვა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლემ 5 აპრილს, გამთენიისას მიიღო. მის ექსტრადიციას აზერბაიჯანი თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა.

სადიგოვი თბილისში მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილე იყო და ბოლო წლებში რამდენჯერმე დააკავეს, მათ შორის გზის გადაკეტვის ბრალდებით. 2024 წელს მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში კრიტიკული პოზიციის გამო იდევნება და ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის საფრთხე ემუქრება. პატიმრობის პერიოდში სადიგოვი 141 დღე შიმშილობდა.