საწვავი ისევ გაძვირდა - "ოცნება" პასუხისმგებლობას იხსნის
ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10-დან 30-თეთრამდე გაძვირდა - დღეს მდგომარეობით, ერთი ლიტრი საწვავის ღირებულება 4 ლარს უახლოვდება. ამასთან, ფასი გაზრდილია დიზელზეც.
მოქალაქეები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას და სასიკეთო პროგნოზის გაკეთებაც უჭირთ. მათი თქმით, საწვავზე მომატებული ფასი, სხვა პროდუქტების გაძვირებასაც განაპირობებს.
გაძვირდა საკმაოდ. ბოლო ერთ თვეში მოემატა 5 თეთრით. ძალიან ცუდი მდგომარეობაა.
გაძვირდა ძალიან, ყველაფერი უარესობისკენ მიდის, კარგი არაფერი. მთავრობამ უნდა დაარეგულიროს, აბა, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?
საწვავის მომატების გამო სხვა რაღაცეებიც გაძვირდება.
ყველაფერი გაძვირდა, აი, საზამთრო ვიყიდე, 3-4 ლარი ღირს.
სულ ყველაფერი გაძვირდა, რომ ლაპარაკობენ პარლამენტში, დაიწევა ფასებიო, ცეცხლის ფასი აქვს გინდ ვაგზლის მოედანზე, გინდ აქ. ჩვეულებრივი სალათის ფირცლები 5 ლარი ღირს, ვაშლი 2 ლარზე ნაკლები არ ღირს. რა გაიაფდა? 5 ლარზე ნაკლები კვერცხი არ ღირს.
ამ ფონზე "ქართული ოცნება" გაზრდილ ფასებზე პასუხისმგებლობას იხსნის. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ფასების ზრდა ახლო აღმმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შედეგია.
ყველა ის ადამიანი, ვინც აკვირდება, ხედავს თუ რა სიტუციაა, რამდენად მძიმე მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში. მემგონი, აქ კითხვები არ არსებობს და ვიცით, რატომ ხდება ფასების მატება, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ზოგადად, მსოფლიოში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებში საუბრობენ საწვავის დეფიციტზე და პრობლემაზე. ეს სერიოზული გამოწვევაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის. და, რა თქმა უნდა, ფასების განპირობებულია იმ პროცესებთან, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს, - ამბობს კალაძე.