ქრთამის აღების ფაქტზე მოქმედი საჯარო მოხელე დააკავეს
ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ტექნიკური განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ოპერაცია პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელემ, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში შედგენილი ფარული სამუშაოების აქტების ხელმოწერით დადასტურების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 ლარი.
ბრალდებული უშუალოდ თანხის აღების ფაქტზე დააკავეს, ფულადი თანხა კი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.