ლილუაშვილი ფიქრობს, რომ გამოძიება "შეცდომაშია შეყვანილი"
გრიგოლ ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს - სუს-ის ყოფილი უფროსი ფიქრობს, რომ გამოძიება "შეცდომაშია შეყვანილი" . ბრალდებული მაღალჩინოსნის პოზიცია სხდომის დაწყების წინ მისმა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა მედიასთან გაჟღერა.
ვფიქრობ, გამოძიება შეცდომაშია შეყვანილი იმ მტკიცებულებებით, რომელსაც დღეს ეყრდნობა. რა მტკიცებულებებიც შეიქმნა, წარმოიქმნა მცდარი აზრი მისი ბრალეულობის შესახებ",- განაცხადა გრიგალაშვილმა.
უფლებადამცველის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, ლილუაშვილის წინააღმდეგ ირიბი მტკიცებულებების გარდა, ვერაფერი მოიპოვეს.
მიგვაჩნია და ვადასტურებთ, რომ მიმდინარე საქმეზე რამე ახალი, განსაკუთრებული, პირდაპირი მტკიცებულება არ შემატებია. ვფიქრობთ, მოცემული მტკიცებულებები არ უნდა იყოს საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასაყენებლად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება შუამდგომლობები, რასაც დავაყენებთ.
საგამოძიებო პერიოდი გახანგრძლივდა, მაგრამ არანაირი პირდაპირი მტკიცებულება საქმეს არ დამატებია. ირიბი მტკიცებულებების სიმრავლე არ ნიშნავს დანაშაულის დადასტურებას",- განაცხადა გრიგალაშვილმა.
წინასასამართლო სხდომის დაწყების წინ, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ, ლილუაშვილის ადვოკატს ჟურნალისტება ჰკითხეს, საქმეში დევს თუ არა ლილუაშვილის წინააღმდეგ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მიერ მიცემული ჩვენება, რაზე პასუხადაც უფლებადამცველმა თქვა, რომ „საქმეზე გაუთქმელობის ვალდებულებიდან გამომდინარე" ამაზე ვერ ისაუბრებს.
კითხვაზე, ხომ არ დაწყებულა ლილუაშვილთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება, ადვოკატმა თქვა, რომ "ჯერჯერობით საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ არის".
საპროცესო შეთანხმება ბრალდებულსა და პროკურატურას შორის ფორმდება, ჯერჯერობით პროკურატურასთან საუბარი არ გვქონია",- განაცხადა გრიგალაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექს-მაღალჩინოსანს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
- 2025 წლის 24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რას ედავება პროკურატურა სუს-ის ექს-შეფს:
პირველი ეპიზოდი
- „2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორის, ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის“.
მეორე ეპიზოდი
- „2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი“.
მესამე ეპიზოდი
- „რაც შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.
- აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.
- ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ.
მეოთხე ეპიზოდი
- „გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
- ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები.
ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ“.