კიდევ ერთხელ დაკითხავენ გამომძიებელს, რომელმაც თქვა, რომ 4 ოქტომბერს სამეთვალყურეო კამერებს მიმართულება ჰქონდა შეცვლილი

07.04.26 13:41
კიდევ ერთხელ დაკითხავენ გამომძიებელს, რომელმაც თქვა, რომ 4 ოქტომბერს სამეთვალყურეო კამერებს მიმართულება ჰქონდა შეცვლილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული 12 პირის პროცესი მიმდინარეობს. 

დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დაიკითხება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი, აკაკი ქადაგიშვილი, რომელმაც 16 მარტს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს უთხრა, რომ 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლესთან სამეთვალყურეო კამერებს მიმართულება შეცვლილი ჰქონდა.

ამ დროისთვის სასამართლოზე იკითხება პოლიციელი, ნიკა სახელაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა მოხვდა. მოწმე პოლიციელმა პროცესზე ვერცერთი ბრალდებული ვერ ამოიცნო. 

ამასთან ნიკა სახელაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ ის აქციის დროს სახეს ნიღბით იფარავდა. როდესაც ადვოკატებმა ჰკითხეს, იცოდა თუ არა რომ სახის დაფარვა საპროტესტო აქციაზე კანონით არის დაუშვებელი, მოწმემ აღნიშნა, რომ ამ კანონს მხოლოდ ნაწილობრივ იცნობს.

ცნობისთვის, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.

ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.