ბიზნესრეკეტი და სისხლიანი ანგარიშსწორება მარნეულში - ქალაქის მერის ძმა ბრალის წარდგენის მოლოდინშია
ბოლნისში, გამთენიისას, ნიღბიანმა პირებმა ადგილობრივ ბიზნესმენს ჩასაფრება მოუწყვეს და სასტიკად სცემეს — გამოძიების ფარგლებში დაკავებულია მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი.
შემთხვევა ბოლნისში მოხდა, სადაც 40 წლამდე მამაკაცი განსაკუთრებული სისასტიკით არის ნაცემი. დანაშაულის ადგილი დასახლებული პუნქტიდან მოშორებულია და მიმდებარედ არც სათვალთვალო კამერები ფიქსირდება, რაც აჩენს ვარაუდს, რომ თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი.
მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში პოლიციის განყოფილებაა, ნიღბიანი პირების მოქმედება სამართალდამცველების ყურადღების მიღმა დარჩა.
ბიზნესმენზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულია მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა — ქენან ისმაილოვი. ადგილობრივების ინფორმაციით, ის პურის ბიზნესს ფლობს და კონკურენტ კომპანიებს ფასების გაზრდას სთხოვდა. უარის მიღების შემდეგ, მათი თქმით, საქმე კრიმინალურ დაპირისპირებამდე მივიდა.
წყაროების ინფორმაციით, მარნეულის მერის ოჯახის საკუთრებაში მუნიციპალიტეტში რამდენიმე ათეული ბიზნესია, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი — პურის საწარმო. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ ბიზნეს ინტერესებთან არის დაკავშირებული კონკურენტებთან შესაძლო კარტერული შეთანხმების მცდელობა, რაც პურზე ფასების ერთობლივად გაზრდას გულისხმობდა.
ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.