წლები უწყლოდ ერთი ჭის იმედზე - დაბა ნასაკირალის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
ოზურგეთის დაბა ნასაკირალში მოსახლეობა წლებია უწყლობის პრობლემას ებრძვის — მიუხედავად იმისა, რომ პროექტისთვის ბიუჯეტიდან თანხა ჯერ კიდევ 2022 წელს გამოიყო, სოფელში წყალი დღემდე არ არის.
სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთ პენსიონერს სახლში სარეცხი მანქანა უკვე სამი წელია გამოუყენებლად უდგას. მოწყობილობა მისაღებ ოთახში, ჭურჭლის კარადის გვერდით, ტილოთია დაფარული — წყლის არქონის გამო მისი გამოყენება შეუძლებელია. ადგილობრივები ტექნიკას იმ მოლოდინით ყიდულობდნენ, რომ სოფელს წყლით უზრუნველყოფდნენ, თუმცა ეს დაპირება დღემდე არ შესრულებულა.
ნასაკირალის მოსახლეობა კვლავ ტრადიციული მეთოდებით რეცხავს, რადგან წყლის სისტემა არ ფუნქციონირებს. ადგილობრივები წყალს ერთადერთი ჭიდან ეზიდებიან, რომელიც ზაფხულში ხშირად შრება. ამისთვის მათ ნახევარ კილომეტრამდე მანძილის გავლა უწევთ და წყალი სახლებში სათლებით მიაქვთ.
ადგილობრივების ინფორმაციით, უწყლობის პრობლემის მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან დაახლოებით 1.5 მილიონი ლარი 2022 წელს გამოიყო, თუმცა პროექტის შედეგი დღემდე არ ჩანს.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.