მეუფე იობის ქადაგებას და და ეპისკოპოს ჯამდელიანის განცხადებას მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ეხმაურება

08.04.26 11:24
მეუფე იობის ქადაგებას და და ეპისკოპოს ჯამდელიანის განცხადებას მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ეხმაურება

მინდა გამოვხატო ჩემი თანხმობა და მხარდაჭერა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის წერილში გადმოცემული მსჯელობის მიმართ - ამის შესახებ მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია ავრცელებს. 

როგორც მაღალი იერარქი წერს, ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის წერილში განსაკუთრებით საყურადღებოა განმარტება, რომ ეკლესიის ცხოვრებაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს თავისუფლად, ერთსულოვნებითა და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.

ამასთან, მეუფე ილარიონი ეხმაურება მეუფე იობის ქადაგებასაც, რომელმაც მისი თქმით, საზოგადოებაში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია: 

როდესაც ითქვა, რომ დასრულდა პატრიარქის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა. მიმაჩნია, რომ ეს გამონათქვამი სწორად უნდა იქნას გაგებული: ეპოქის დასრულება არ ნიშნავს ადამიანის ღვაწლის დავიწყებას ან მისი მნიშვნელობის დაკნინებას. პირიქით, ეს აღნიშნავს იმ ისტორიული პერიოდის დასრულებას, რომელიც დაკავშირებულია მისი მოღვაწეობითა და თაოსნობით.
მეუფე იობის ქადაგებაში მკაფიოდ იყო გამოკვეთილი აზრი, რომ პატრიარქი იყო ეპოქალური პიროვნება. 
ეკლესიის ისტორიაც გვასწავლის ამას — ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა ეპოქებზე, რომლებიც დაკავშირებულია გამორჩეულ სულიერ წინამძღვრებთან. ამგვარადვე შეიძლება ვიხსენებდეთ ამბროსი (ხელაია)-ს, კალისტრატე (ცინცაძე)-ს და სხვა პატრიარქთა მოღვაწეობას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი ეპოქები უწყვეტად გრძელდება — არამედ იმას, რომ მათი ღვაწლი რჩება ეკლესიის ცოცხალ მემკვიდრეობად.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა სინოდი სწორედ ამიტომ იწოდება „წმინდად“, რომ მისი გადაწყვეტილებები მიიღება სულიწმინდის მადლითა და შემწეობით. ამ ჭეშმარიტების უგულებელყოფა იქნებოდა, თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეიზღუდებოდა მღვდელმთავართა თავისუფალი არჩევანი და იარსებებდა ზეწოლის ან წინასწარი განწყობის მცდელობა.
სრულიად ვიზიარებ იმ მოსაზრებასაც, რომ დაუშვებელია ისეთი განცხადება, თითქოს რომელიმე არჩევანის შემთხვევაში ღმერთი არ მიიღებს ადამიანს, ვინაიდან ეს არ შეესაბამება ეკლესიის სწავლებას.
მჯერა, რომ სიმშვიდე, გონიერება და ქრისტესმიერი სიყვარული უნდა იყოს ჩვენი საერთო საფუძველი.
  უფალმა სულიწმინდის მადლით აღასრულოს ყოველივე კეთილი და გვამყოფოს ერთსულოვნებაში, სიმართლეში და მშვიდობაში", - წერს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი.

შეგახსენებთ, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ მეუფე იობი გააკრიტიკა. 

"ძალიან ბევრი რამ ითქვა, ძალიან ბევრი რამ, დაისვა კითხვები. ისიც კი ითქვა, რომ თითქოს პატრიარქის ეპოქა დამთავრდა და ახალი იწყება, რასაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმები." - თქვა ამბიონიდან მაღალმა იერარქმა. 

რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა 4 აპრილს განაცხადა: "დასრულდა კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა. ჩვენ ვართ მიჯნაზე, რომ საქართველოში უნდა აირჩეს ახალი კათალიკოს პატრიარქი."