სასახლის ღობის საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს პოლიციელმა ლაშა ჯუღელმა
სასახალის ღობის საქმეზე 13 პირის პროცესი დღეს პოლიციელ ლაშა ჯუღელის გამოკითხვით გაგრძელდა. ამ საქმეზე ბრალდებულები არიან: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი.
მოწმეს, რომელსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს პროცესზე კიდევ მიხეილ თოლორაიასა და ავთანდილ თოფჩიშვილზე მიუთითა და ამტკიცებდა, რომ იმ 10-15 ადამიანს შორის, ვინც მას 4 ოქტომბერს ურტყამდა, ეს ორი ბრალდებულიც იყო.
- ცნობისთვის პოლიციელ ლაშა ჯუღელს 10 პირიან საქმეზეც აქვს ჩვენება სასამართლოსთვსი მიცემული, სადაც ამტკიცებდა, რომ პირებს შორის, ვინც მასზე ძალადობდა, მათ შორის გური ჟვანიაც იყო.
მოწმე ჯუღელმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს ის და მისი დანაყოფი იმყოფებოდა ჭონქაძის ქუჩაზე. დაახლოებით საღამოს 7 საათის შემდეგ ისინი ათონელის სასახლის მიმართულებით დაიძრნენ.
ჯუღელის თქმით, სასახლის ეზოში პოლიციელთა პირველი ნაკადი დაუბრკოლებლად შევიდა, თუმცა უკან მყოფ ნაკადი აქციის მონაწილეების ალყაში მოექცა. რის გამოც ის და სხვა პოლიციელები მათ დასახმარებლად უკან გადმოვიდნენ.
- ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.