აბანოთუბნის მოსახლეობა საცხოვრებლის ნებით დატოვებას არ აპირებს - ადგილობრივები სამართლებრივ დავას აანონსებენ

08.04.26 19:06
აბანოთუბნის მოსახლეობა საცხოვრებლის ნებით დატოვებას არ აპირებს - ადგილობრივები სამართლებრივ დავას აანონსებენ

თბილისში, აბანოთუბანში მცხოვრები 5 ოჯახი, ვის გასახლებასაც სახელმწიფო სავარაუდოდ ალიევის კულტურის ცენტრის მშენებლობისთვის გეგმავს, საცხოვრებლის ნებით დატოვებას არ აპირებს. 

მოსახლეობა სამართლებრივ დავას აანონსებს. 

...მე აქედან წასვლა არ მინდა, მე პირადად არ მინდა, ჩემი სახლი არის ჩემთვის საყდარი. იმედი აღარ მაქვს, ძალიან გულდაწყვეტილი გამოვედი იმ დღეს სხდომაზე რომ ვიყავი, ძალიან გულნატკენი... მე მითხრეს, იქ კულტურის ცენტრი იქნებაო, ჩვენ ყველა ვალდებულები ვართო სომხეთსაც, აზერბაიჯანელებსაც, კულტურის ცენტრი უნდა იყოსო..." - ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი. 

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, ისინი მალე დაასრულებენ იმ პირების იდენტიფიცირებას, რომლებიც მოსახლეობას დენის და გაზის გათიშვით ემუქრებოდნენ და ყველა ამ ადამიანის მონაცემებს თბილისის პროკურატურას გადასცემენ. 

ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა, რასაც ახლა აკეთებს ივანიშვილის მთავრობა, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით იმიტომ, რომ კანონში თქვენ ნახეთ, არის ზუსტი ჩამონათვალი, კერძო საკუთრების ჩამორთმევა ადამიანებისთვის შეიძლება უკიდურესად საგამონაკლისო შემთხვევაში, როგორიც არის, როცა რკინიგზის ხაზი არის ასაშენებელი, მეტრო, წყალმომარაგების ობიექტი არის ასაშენებელი. ამ შემთხვევაში მოსახლეობას ეუბნებიან, რომ თურმე უნდა დაუთმონ თავიანთი კერძო საკუთრება უცხო სახელმწიფოს ხელისუფლებას და თანაც უნდა დაუთმონ არა საბაზრო ფასში, არამედ საბაზრო ფასის მესამედში. 

ეს არის უზარმაზარი ტერიტორია, კვარტალი, რომელიც ალიევმა ეტყობა პირდაპირ გადაიფორმა ივანიშვილისაგან და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ მეგობრულ ჟესტებს მეორე მხრიდან. აქტივების განვითარების კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მოსახლეობას ემუქრებოდა დენის და გაზის გათიშვით, ჩვენ იდენტიფიკაციას დავასრულებთ დღეს-ხვალ და ყველა ამ ადამიანის მონაცემებს გადავცემთ თბილისის პროკურატურას," - განაცხადა კახა კუკავამ. 

არსებული ინფორმაციით, დედაქალაქში, აბანოთუბანში „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ აშენება იგეგმება. სავარაუდოდ, 5 ოჯახს ექსპროპრიაციის გზით, ქონებას ჩამოართმევენ.

გადაწყვეტილებას ხელს  ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი აწერს.