გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების განაჩენი ცნობილია
თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ცნობილია. გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა.
- კერძოდ: მთავარ ბრალდებულს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს [ავალიანზე ძალადობას მობილურით იღებდა] 14- 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.
როგორ განმარტა მოსამართლემ მიღებული გადაწყვეტილება:
"სასარდლომ დამნაშავედ ცნო სამივე ბრალდებული. ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა ბრალად წარდგენილი ქმედებები... საუბარი იყო დახმარებაზე, არ მიგვიტოვებიაო, მაგრამ სასამართლო აკვირდებოდა გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ სინანული, ახალგაზრდა ადამიანი არასრულწლოვანი ბრალდებულების ქმედებით აღარ არის, სასამართლომ ვერ მოისმინა. ბრალდებულებს ერთი სიტყვა რომ ეთქვათ, თუნდაც, ბოდიში, სასამართლოს არ მოუსმენია.
სინანული არის ის, რომ ისინი პატიმრობაში არიან. მობილური ტელეფონი სასწრაფოში დასარეკად არ გამოუყენებიათ,მობილური ტელეფონი გადასაღებად გამოიყენეს და ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირის დამცირება მოახდინეს.
ყოველივე, რაც მოვისმინეთ, სისასტიკეზე მიუთითებს, სინანული მთელი ამ პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში არ მოგვისმენია.
მოვისმინეთ, რომ ერთ-ერთი შესვენების დროს, დაზარალებულის ოჯახის წევრებს "თვალებს უქაჩავდნენ", მოწმისგანაც მოვისმინეთ, მოწმეზეც იყო აგრესიული გამოხატულება. სასამართლო მიანიშნებს, რომ აღარ არის ახალგაზრდა ადამიანი ისევ ახალგაზრდა ადამიანების მეშვეობით.
სასამართლო რომელიც ახლა სასჯელს გამოაცხადებს, დამაფიქრებელი იქნება ყველა მერყევი ელემენტისთვის, ვისაც აგრესიული ქმედება ცხოვრებაში ნორმად მიაჩნია. მხოლოდ ქმედებით არ ხდება დამცირება, სიტყვითაც ხდება.
სასამართლო იქნება უმკაცრესი ყველა შემთხვევაში",- განაცხადა ტყეშელაშვილმა.
მოსამართლის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ახალგაზრდა პედაგოგს არასასურველი კომუნიკაცია ჰქონდა მოსწავლესთან, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა.
მოსამართლის თქმით, ადამიანი შექმნილია იმისთვის, რომ მეორე ადამიანში მეგობარი ეძებოს, შესაბამისად, ეს სასჯელი ყველასთვის სამაგალითო იქნება, თუ როგორ უნდა იურთიერთობონ ადამიანებმა ერთმანეთთან.
ვის რას ედავებოდა გამოძიება?
- ალექსანდრე გაბაშვილი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა.
- გიორგი რიკაძე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).
- დემეტრე ჩიქოვანი - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი); ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხის ეპიზოდი).
რა მოხდა 2025 წლის პირველ ოქტომბერს?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.