500 დღე პროტესტში — დემონსტრანტები ბრძოლის შეწყვეტას არ განიხილავენ

12.04.26 20:30
500 დღე პროტესტში — დემონსტრანტები ბრძოლის შეწყვეტას არ განიხილავენ

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ საპროტესტო მოძრაობას 500 დღე შეუსრულდა. მიუხედავად დაკავებებისა და სხვადასხვა ტიპის ზეწოლისა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეჩერდება.

დემონსტრანტების თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში კვლავ რჩებიან პირები, რომლებსაც ისინი სინდისისა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებად მიიჩნევენ. მათი განცხადებით, არსებული ვითარების ფონზე პროტესტის შეწყვეტას არ განიხილავენ.

აქციის მონაწილეები საუბრობენ ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან განხორციელებულ დარბევებზე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, ასევე დაჯარიმებებსა და დაკავებებზე, მათ შორის ტროტუარზე დგომის გამო. მიუხედავად ამისა, საპროტესტო საზოგადოება ქუჩაში დარჩენას და მოთხოვნების გაგრძელებას გეგმავს.

მონაწილეთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც წარსულში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და დღეს აცხადებენ, რომ ქვეყნის მომავლის დასაცავად კვლავ აქტიურად ერთვებიან პროცესში.

პროტესტი 500 დღის განმავლობაში უწყვეტად გრძელდება. ამ პერიოდში, როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, არ წყდება ზეწოლაც. ამასთან, მათი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გამოხმაურებები დამატებით მოტივაციას აძლევს აქციის მონაწილეებს.

500-ე დღის აღსანიშნავად გაიმართა ტრადიციული შაბათის მარში, რომელიც აღდგომის დღესასწაულთან ერთად აღნიშნეს. შეკრების ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მთავარი მიზანი უცვლელი რჩება — ერთობისა და ძალის დემონსტრირება.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.