ახალ კუმისში მოსახლეობა მძიმე პირობებში ცხოვრობს — ინფრასტრუქტურის პრობლემები წლებია მოუგვარებელია

03.05.26 20:47
ახალ კუმისში მოსახლეობა მძიმე პირობებში ცხოვრობს — ინფრასტრუქტურის პრობლემები წლებია მოუგვარებელია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კუმისში მოსახლეობა მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობს. ადგილობრივების თქმით, სოფელს არ მიეწოდება წყალი და გაზი, ხოლო საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოუწესრიგებელია.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სასმელი წყლის მოტანა ქალაქიდან უწევთ. გადაადგილება განსაკუთრებით რთულია წვიმიან ამინდში, რადგან ბეტონის გზის ნაცვლად სოფელში მიწის საფარია. მათი თქმით, შექმნილი მდგომარეობის გამო სოფელში შესვლა ხშირად ვერ ახერხებს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც, ხოლო მუნიციპალური ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს.

პრობლემებს ემატება სანიაღვრე სისტემის არარსებობა — უხვი ნალექის დროს წყალი საცხოვრებელ სახლებში აღწევს, რამაც, ადგილობრივების თქმით, კედლების დაზიანებაც გამოიწვია.

მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული პრობლემები უკვე დაახლოებით 15 წელია არსებობს. ისინი ამბობენ, რომ საკითხის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებულია, თუმცა მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, მდგომარეობა არ შეცვლილა და სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

ადგილობრივები პასუხებს ელოდებიან — რატომ არ ხდება სოფლის ძირითადი პრობლემების გადაწყვეტა და რა გეგმები აქვს ხელისუფლებას ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის.

ვრცლად ნახეთ კრისტი მარია ოსიაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები