გაზრდილი ინფლაცია "ოცნების" არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია - ექსპერტები

04.05.26 13:16
გაზრდილი ინფლაცია "ოცნების" არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია - ექსპერტები

გაზრდილ ინფლაციას ეკონომისტები „ქართული ოცნების“ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ფასების მკვეთრი ზრდა მხოლოდ გარე ფაქტორებით ვერ აიხსნება და მთავარი მიზეზი შიდა ეკონომიკური გადაწყვეტილებებია.

მათი შეფასებით, გადასახადების ზრდა და რეგულაციების გამკაცრება პირდაპირ აწვება ბიზნესს, რაც საბოლოოდ პროდუქციის გაძვირებაში აისახება. ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება საჭირო ნაბიჯებს არ დგამს და ეკონომიკურ პოლიტიკას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რის შედეგადაც ინფლაციის კონტროლი ვერ ხერხდება.

მკვეთრი ნახტომია ინფლაციის. ახლა, ნაწილობრივ რაღაც ობიექტური მიზეზებიც არსებობს, ასე ვთქვათ, მოწოდების მხარესაც გვაქვს რაღაც შოკები. "ქართული ოცნების" ინსტინქტია, რომ გადასახადები გაზარდოს, რეგულაციები გაამკაცროს, ეს ყველაფერი ტვირთად აწვება ეკონომიკას და ყველაფერი საბოლოოდ აისახება მათ შორის ფასებშიც. ასე რომ, ის, რაც გასაკეთებელია, იმას არ აკეთებს "ქართული ოცნება", არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა აქვს, ცდილობს, რომ ჩამოეკიდოს ძალაუფლებას, ეს არის ერთადერთი მოტივაცია, რომლითაც ის ხელმძღვანეობს და ამ დროს დგამს რაღაც შოუებს, - ამბობს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.

ამ შეფასებას იზიარებს ეკონომისტი პაატა ბაირახტარიც, რომელიც ყურადღებას ამახვილებს როგორც ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე, ისე "ოცნების" მთავრობის მიერ შექმნილი ფასების რეგულირების მექანიზმებზე და ამბობს, რომ არსებული შედეგები მათ არაეფექტიანობაზე მიუთითებს. 

შედეგი აჩვენებს იმას, რომ ეროვნული ბანკი თავის მოვალეობას თავს ვერ ართმევს იმდენად, რამდენადაც ინფლაცია მიზნობრივზე ორჯერ უფორ მაღალია, ეს ერთი. მეორე, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ის რაღაც აბსურდული კომისია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა და თავს იწონებდნენ, რომ თითქოსდა ამ კომისიას რაღაც ფასები უნდა დაერეგულირებინა და სპეციალისტები თავიდანვე ვამბობდით, რომ ასე ფასები არ რეგულირდება და ამ კომისიით მუშაობას არსებითი და ხელშესახები შედეგი არ ექნებოდა. დადასტურდა კიდევ ერთხელ ამ ოფიციალური მონაცემებითაც, რომ ამ კომისიის მუშაობა იყო ფასადური და იყო ფარსი, - ამბობს პაატა ბაირახტარი. 

საქართველოში აპრილში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასები 1.7%-ით გაიზარდა. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, ფასების ზრდის მთავარი ფაქტორი საწვავის გაძვირება გახდა, რამაც განსაკუთრებით ტრანსპორტის ჯგუფი დააზარალა.

 

მსგავსი სიახლეები