რიგი მიმართულებით საქალაქთაშორისო მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა
მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანები ძვირდება - როგორც BM.GE-ს ავტოსადგურ „ოკრიბას" იურისტმა პაატა ყვავაძემ განუცხადა, ცალკეულ მიმართულებებზე მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა.
- დიდუბის სადგურ "ოკრიბადან" მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის შემთხვევაში.
მისი განმარტებით, მგზავრობის გაძვირება საწვავის ფასის ზრდამ განაპირობა, სხვადასხვა მიმართულებით მგზავრობის ტარიფის გაზრდა კი აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყო.
"ავტოსადგურ ოკრიბას შემთხვევაში, ფასების მატება აღდგომის შემდეგ მოხდა, მაგრამ მანამდე სხვა ავტოსადგურებს უკვე ეს ტარიფები ჰქონდათ", - ამბობს ყვავაძე.
კითხვაზე რა ხდება სხვა მიმართულებებზე, "ოკრიბას" წარმომადგენელი გვეუბნება, რომ გადამზიდავებს ფასების ცვლილებაზე სადგურის ადმინისტრაციისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ.
"სხვა მიმართულებაზე იგივე ტარიფებით გამოდიან, ცნობად არ მოუმართავთ ჩვენთვის. შესაბამისად, სალაროები ყიდიან ძველი ტარიფით.
ახალი კანონმდებლობისა და რეფორმის თანახმად, ავტოსადგური მგზავრობის ფასს აღარ ადგენს. გადამზიდავი ავტოსადგურს წარუდგენს ცნობას, სადაც დასაბუთებულია ტარიფის ცვლილება მაგალითად, საწვავის ფასის მატება. გადამზიდავი უთითებს, რომ არსებული ხარჯებიდან გამომდინარე, მას ამ კონკრეტულ ფასად უწევს მუშაობა და სთხოვს ავტოსადგურს, აღნიშნული ინფორმაცია ცნობად მიიღოს. ინფორმაციის ცნობად მიღების შემდეგ, ავტოსადგური გამოსცემს ბრძანებას და ავალებს კონკრეტულ სალაროებს, რომ მოცემული გადამზიდავის მიერ მითითებულ მიმართულებაზე ბილეთების რეალიზაცია ახალი ტარიფით მოხდეს", - ამბობს პაატა ყვავაძე.
"პირველები" ავტოსადგურებში იმყოფებოდა. მძღოლები ამბობენ, რომ ფასების მატება ძრითადად საწვავზე ფასის გაზრდამ გამოიწვია, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ცხოვრება, ზოგადად, ძალიან გაძვირებულია.
თქვენ არ იცით რამ გამოიწვია? საწვავის მატებამ.
ყველაფერი ძვირი არ არის? აი, მითხარით, რა არის იაფი? ყველაფერმა გამოიწვია. საწვავია, სავალი ნაწილია. ყველაფერო რომაა გაძვირებული არ იცით?
გვეცოდება ხალხი... რა ქნას ამ გლეხმა ხალხმა? როგორ იმგზავროს?