გელა ხასაიას საქმე პროკურატურის ოქროს მოწმემ თავდაყირა დააყენა
გელა ხასაიას წინააღმდეგ პროკურატურის მთავარმა მოწმემ დღეს სახელმწიფო ბრალდებას საქმე პრაქტიკულად ჩამოუშალა. დაზარალებულის სტატუსის მქონე კაცმა გელა ხასაია ვერ ამოიცნო. პროკურორის კითხვის პასუხად, ვინ გაუსწორდა გასული წლის პირველ სექტემბერს, რამაზ ჩადუნელი თავდამსხმელებს სხდომათა დარბაზში, დამსწრეებში ეძებდა. მოწმემ ერთადერთი რაც დადასტურებით თქვა არის ის, რომ გამომძიებლებმა მისი გამოკითხვის ოქმი საკუთარი ინტერპრეტაციით შეავსეს.
რამდენიმე საათიანი დაკითხვის დასრულების შემდეგ მოწმე სასამართლოს ეზოდან საპატრულო პოლიციის მანქანით გაიყვანეს, არადა მასთან ბევრი კითხვა არსებობდა. გელა ხასაიას ჩადუნელისთვის ხელის მოტეხვას ედავებიან და ჯგუფური დანაშაულის გამო ციხეში 6 წლით უშვებენ, თუმცა დაზარალებული დღეს ვერ იხსენებდა საქმის ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებს, როგორიც კონფლიქტის დაწყების მიზეზია. რამაზ ჩადუნელი ყველაფერზე ამბობდა, რომ მთვრალი იყო და არ ახსოვს.
ადვოკატებისთვის საეჭვოა ამოცნობის ოქმი. საქმის მასალების თანახმად, გამომძიებელმა დაზარალებულს ბრალდებულების ფოტოები შემთხვევიდან ცხრა დღეში აჩვენა და მოწმემ თავდამსხმელები დააიდენტიფიცირა, თუმცა დღეს გაირკვა, რომ საქმის ფიგურანტების დადგენა პოლიციას ბევრად უფრო მარტივად შეეძლო. სანამ რამაზ ჩადუნელი და ბრალდებული ვასილ ქერდიყოშვილი, თანმხლებ პირთან ერთად გელა ხასაიას შეხვდებოდნენ, თამარ მეფის გამზირზე საქმის ფიგურანტებმა საერთო ფოტო გადაიღეს. ეს ფოტო სისხლის სამართლის საქმეში არ დევს არადა წესით გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო.