პროტესტი სულხან-საბას ქუჩაზე - აიძულებს თუ არა მერია ხალხს საკუთარი სახლების დატოვებას?
ძველი თბილისის ისტორიულ უბანში მცხოვრები მოქალაქეები ორ კვირაზე მეტია წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილები. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა უკვე შევიდა. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ სამუშაო მერიამ ისე დაიწყო, რომ საბოლოო შეთანხმება უძრავი ქონებების მფლობელთან მიღწული არ ჰქონდა.
კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდება და სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ოთხი კომპანია შეასრულებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ დეტალურად შეისწავლეს იმ კომპანიების საქმიანობა, რომლებიც სამუშაოებისთვის დიდ ფულს მიიღებენ და მათი მტკიცებით, სამუშაოებს ისეთი კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც ისტორიული შენობების რეაბილიტაციის გამოცდილება არ გააჩნიათ.
მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ მათ მძიმე პირობებს საგანგებოდ უქმნიან, რათა იძულებულები გახდნენ და ისტორიულ უბანში ბინები გაყიდონ. მოქალაქეები პარალელს ავლებენ გუდიაშვილის მოედანის რეაბილიტაციასთან და ვარაუდობენ, რომ პროცესი შესაძლოა იმავე სცენარით განვითარდეს.