სასახლის ღობის საქმე | 14 ბრალდებულის ეპიზოდზე პროკურატურა დასკვნით სიტყვას 18 მაისს წარმოთქვამს
სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული 14 პირის პროცესი, რომელზეც პროკურატურა დასკვნით სიტყვას იტყვის, 18 მაისს, 11:00 საათზე გაიმართება. 7-თვიანი განხილვის შემდეგ ბრალდების მხარემ უნდა თქვას, რის საფუძველზე ითხოვენ აქციის მონაწილეების ციხეში გაშვებას. ათობით მოწმის და ასობით ვიდეო-მასალის გამოკვლევის შემდეგ საქმეში პასუხგაუცემელი კითხვებია, მაგალითად - ვინ შეღება და დაატრიალა 112-ის კამერები, ასევე რატომ იყო მავთულით შებმული სტრატეგიული დანიშნულების ობიექტის - საპრეზიდენტო სასახლის - ღობე.
14 ბრალდებულიდან არცერთს ჩვენება არ მიუცია, ისინი მხოლოდ დასკვნით სიტყვას იტყვიან, შესაძლოა ეს 18 მაისს მოხდეს. განსასჯელის სკამზე მყოფი პირები ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს, რამდენიმე ბრალდებულმა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საპროცესო შეთანხმებაც ითხოვა, თუმცა თვეებია პროკურატურისგან პასუხი არ ისმის.
საქმე დასკვნით ეტაპზე ისე მივიდა რომ პროკურატურას ამ დრომდე არ დაუდგენელია, ვინ იყვნენ ის ნიღბიანები, ვინც საპრეზიდენტო სასახლესთან აქციიდან ჩასულ ხალხს უკვე ადგილზე დახვდნენ და მოუწოდებდნენ ღობე ეჯაჯგურებინათ, საქმეში არ დევს მობილური ტელეფონების ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც დაკავებულებს შორის კავშირს დაადგენდა.