ძალიან მძიმე სანახავია თავაწეული მკვლელი პროცესზე - ნიკო კვარაცხელიას დედის წერილი

15.11.21 01:51
ძალიან მძიმე სანახავია თავაწეული მკვლელი პროცესზე -  ნიკო კვარაცხელიას დედის წერილი

თბილისის ცენტრში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა სპეციალურ წერილს ავრცელებს. "ძალიან მძიმე სანახავია თავაწეული მკვლელი პროცესზე" - წერს შვილმკვდარი ქალი.

არცერთი მშობელი არ უნდა მოესწროს შვილის სიკვდილს მითუმეტეს უდანაშაულო შვილის სასტიკ მკვლელობას! ჯერ ჩვენ უნდა მივდიოდეთ და მერე ჩვენი შვილები! საჯარო განცხადებების კეთება არ არის ჩვენთვის სასიამოვნო პროცესი, თუმცა წარმოუდგენელი ტკივილია, როდესაც ხვდები რომ ბრალდებულთა ადვოკატები არ ჩაუღრმავდნენ მომხდარს, აუხსნელი დანაშაულის სიმძიმეს და საკმაოდ უკადრისი ხერხებით ცდილობენ მართლმსაჯულების პროცესის სანახაობად ქცევას.

ამდენად, მივმართავთ ალეკო ჭელიძისა და გიორგი კაველაძის მშობლებს, კიდევ იმ ოჯახებს და მათ შვილებს, ვინც ჩართული იყო მკვლელების სტუმარ-მასპინძლობის და მკვლელობის დაგეგმვის ხელშეწყობის პროცესში და კიდევ ერთხელ გთხოვთ ქმედითად გამოხატოთ თქვენი ადამიანური პოზიცია და ჩამოაცილოთ საქმეს თქვენს მიერ აყვანილი ადვოკატები!

ნუ ჩაუსახავთ ცრუ იმედებს შემზარავი დანაშაულის ჩადენაში მხილებულ შვილებს. თუ ნამდვილად გიყვართ ისინი, - მიეცით მათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა და გულწრფელი სინანულის საშუალება. ძალიან მძიმე სანახავია თავაწეული მკვლელი პროცესზე, - ნათქვამია იზა კვარაცხელიას განცხადებაში.