ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე ვერდიქტის მოლოდინში - ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
ძმები დავით და გიორგი მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე ვერდიქტის მოლოდინშია - ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განაჩენს დღეს გამოცხადებს. ბოლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.
დღევანდელ პროცესზე შესაძლოა, სიტყვის უფლებით ისარგებლოს გიორგი მიქაძემ. ის ერთადერთია, ვინც განსასჯელსი სკამზე ზის. (დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საქართველოში არ არიან, მათზე ძებნაა გამოცხადებული).
სამართლოში უკვე დაანონსებულია აქციაც - ადგილზე მისვლას აპირებენ თბილისის ცენტრში მოკლული "კანონიერი ქურდის" ძმის მხარდამჭერები. მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულებს გამოძიება მკვლელობის ორგანიზებას ედავება. მათ 8 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.