ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - სასამართლოსთან მოკლული ბიზნესმენის მხარდამჭერები იმყოფებიან, მობილიზებულია პოლიციაც

06.05.26 13:23
ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - სასამართლოსთან მოკლული ბიზნესმენის მხარდამჭერები იმყოფებიან, მობილიზებულია პოლიციაც

თბილისის საქალაქო სასამართლოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. სასამართლოს ტერიტორიაზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციის დანაყოფები არიან მობილიზებულები.

გაძლიერებული უსაფრთხოების მიზეზი ლევან ჯანგველაძის საქმის არსებითი განხილვის დასრულებაა. გახმაურებულ საქმეზე, სავარაუდოდ, დღეს განაჩენი გამოცხადდება.

სასამართლოს ეზოში იმყოფებიან ლევან ჯანგველაძის მხარდამჭერებიც, რომლებიც პროცესის დასრულებას ელოდებიან.

პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრებს ჯანგველაძის მკვლელობის მომზადებას ედავება. ბრალდებულებისთვის შესაძლო ვერდიქტებს შორის განიხილება უვადო პატიმრობა, მრავალწლიანი თავისუფლების აღკვეთა ან გამამართლებელი განაჩენი.

როგორც პროკურორი ამბობს, დაზარალებული მხარე ბრალდებულისთვის უმკაცრეს განაჩენს - უვადო პატიმრობას ითხოვს. 

ბრალდების მხარეს აქვს ერთადერთი განაჩენის მოლოდინი, ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი სრულად წარდგენილ ბრალდებებში სამივე ბრალდებულის მიმართ. ჩვენ საქმეში წარმოდგენილი გვაქვს დაზარალებლის უფლებამონაცვლის პოზიცია, რომელიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, სადაც ის ითხოვს, რომ უმკაცრესი სასჯელი იყოს გამოყენებული. საუბარია გარდაცვლილის დაზე. უმკაცრესი სასჯელი დაკავშირებულია უვადო თავისუფლების აღკვეთასთან, - ამბობს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ საქმეში მკვლელობის ორგანიზების მტკიცებულებები წარმოადგენილი არ არის, შესაბამისად, ადვოკატებს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ. 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა მკვლელობის ორგანიზების მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ გამოტანილი არ იყოს გამამართლებელი განაჩენი. გამამტყუნებელი განაჩენი, თუკი იქნება გამოტანილი, მაშინ მტკიცებულებად მხოლოდ რომეო გოგიაშვილის პატაკი შეიძლება იყოს. რასაკვირველია, მოლოდინი გვაქვს სამივე ბალდებულის მიმართ სრულიად გამამართებელი განაჩენის, - ამბობს ადვოკატი შორენა ნიქაბაძე.

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

მსგავსი სიახლეები