ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში - პაატა ბურჭულაძე

07.05.26 13:59
ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში - პაატა ბურჭულაძე

 

 

ჩემი ასაკიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ორმა „დიდად პატივცემულმა“ პროკურორმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის სახით ხელის მოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ. 

სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ თავის სამართლებელი არაფერი აქვს, რადგანაც მიაჩნია, რომ სწორ გზაზე დგას. ასევე სხდომათა დარბაზში გაიხსენა ის დრო, როცა მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყცველა ხერხით ცდილობდა პოლიტიკაში ჩართვას - "მაგრამ მაშინაც და ახლაც ვფიქრობ რომ ქართული ოცნება საქართველოსთვის არის დამღუპველი და ის რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ".

ბრალდებულმა მსოფლიო ბანმა მის საბოლოო სიტყვაში ასევე ხაზგასმით განაცხადა, მის ადგილს ხედავს ან რუსთაველზე ან ციხეში. 

ორივე ბრძოლის ფრონტია ამ მოღალატეების წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ რომ ცნობადი სახეები, როგორც არ უნდა შეძლებულად ვცხოვრობდეთ უნდა ვიყოთ წინა პლანზე და მაგალითი სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. 

ბატონებო!
ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და მიმაჩნია რომ სწორ გზაზე ვდგავარ. როგორ გგონიათ ბატონო მოსამართლე მე რომ მდომოდა ვერ გავხდებოდი ოცნების პარლამენტის წევრი და ვერ დავიკავებდი დიდ თანამდებობას?!
ეს ოცნების წევრები ჩანასახშიც არ იყვნენ როდესაც ბატონი ივანიშვილი სხვადასხვა ხერხებით მთხოვდა, ცდილობდა, მასთან ერთად ჩავრთულიყავი პოლიტიკაში; მაგრამ მაშინაც და ახლაც ვფიქრობ რომ ქართული ოცნება საქართველოსთვის არის დამღუპველი და ის რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ.
ამ ორმა დიდმა, „სამართლიანმა“, პროკურორმა ერთი სიტყვაც არ ახსენეს იმის თაობაზე თუ რისთვის შეიკრიბა ხალხი 4 ოქტომბერს; მათ ვერ შეამჩნიეს საქართველოს ეროვნული კრება და მისი დეკლარაცია რასაც ერთხმად ხმა მისცა ასობით ათასმა ადამიანმა. მაგრამ მათ შეამჩნიეს არავისთვის საჭირო, მორყეული, ღობის დაშლა და შვიდი თვის განმავლობაში ამის დაბრალებაც ვერ შეძლეს მოქალაქეებზე რადგან ნოდარ მელაძემ და მისმა გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა ეს ამბავიც გაუქარწყლა მათ.
რაც შემეხება მე -  ე.წ. 7 თვიანი გამოძიების შემდეგ:
1) 7 თვეა ამ ორმა „პატიოსანმა“ პროკურორმა ქნა ის რომ სრულიადმომწყვიტა ჩემს ოჯახს, ერთხელაც არ მისაუბრია ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან; მეგობრებზე უკვე არაფერს ვამბობ.
2) ამ პერიოდში ჩემი თვალით ვნახე ცრუ მოწმე პოლიციელები, რომელიც წინათ მარტო ტელევიზიით მენახა და დავრწმუნდი მათ საცოდავობაში.
3) გავიცანი და დავმეგობრდი საქართველოს პატრიოტ მოქალქეებთან რომელიც ვერ გატეხა მოღალატე რეჟიმმა.
4) დავრწმუნდი იმაში რომ ეს პროტესტი არ ჩაქრება; თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოყვარე ქართველი ხალხი არ დანებდება და აუცილებლად გაიმარჯვებს.
5) ჩემდა უნებურად აღმოვაჩინე თუ რა ტიპის პროკურორი იძიებს ჩემს საქმეს და ყველაფერი ნათელი გახდა - აქაც მადლობა ბატონ ნოდარ მელაძეს.
ჩემს მაგალითზე გეტყვით რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვაკეთებდი იმას რაც იმ მომენტში სჭირდებოდა ჩემს სამშობლოს: სახელოვნებო კარიერას, ქველმოქმედებას, ტაძრის მშენებლობას და პოლიტიკასაც კი. უკვე 2016 წლის არჩევნებზე შევქმენი პარტია და ვეცადე ქართველი ხალხისთვის მემცნო და ამეხსნა თუ რა დიდი საშიშროება მოდიოდა ქართული ოცნების სახით; სამწუხაროდ ეს ბოლო კარგად ვერ შევძელი.რეზულტატიც სახეზეა თუ რა ტემპით დეგრადირებს ჩვენი ქვეყანა. 
რაც შეეხება დღევანდელობას -  ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში. ორივე ბრძოლის ფრონტია ამ მოღალატეების წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ რომ ცნობადი სახეები, როგორც არ უნდა შეძლებულად ვცხოვრობდეთ უნდა ვიყოთ წინა პლანზე და მაგალითი სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში; ნათელი უნდა გავხადოთ ხალხის სურვილი, ხოლო პოლიტიკოსებმა უნდა აღასრულონ ხალხის ნება.
ბატონო მოსამართლე, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ორმა „დიდად პატივცემულმა“ პროკურორმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის სახით ხელის მოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი. ისინი დარწმუნებულები არიან რომ მე საფრთხე ვარ მათი კარგად აწყობილი ცხოვრებისთვის და იციან რომ თქვენც ასე ფიქრობთ. იცოდეთ და დაიმახსოვრეთ მე რა მომივა იმას მნიშვნელობა არ აქვს; საქართველო არასდროს არ დანებდება და თქვენ ყველანი აუცილებლად აგებთ პასუხს ხალხის წინაშე. ხალხი ბრძენია და პატრიოტი. ის სახელმწიფო მოღალატეების ბრბო რომელიც დღეს მოაჯდა ხელისუფლებას, როგორც  საშინელი სიზმარი მალე გაქრება და გამოიდარებს მთელს საქართველოში!", - თქვა პაატა ბურჭულაძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 4 პირის საქმეზე დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც სავარაუდოდ, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენს გამოაცხადებს. 

  • ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები