ხაბეიშვილის მიმართვა პროკურატურას: აქ სულელები არავინ არ ვართ

08.05.26 14:39
ხაბეიშვილის მიმართვა პროკურატურას: აქ სულელები არავინ არ ვართ

 

 

 

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე,  ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ძალოვანების შესახებ სასამართლო პროცესზე ისაუბრა. 

როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, აქციებზე უამრავ ადამიანს სცემეს, კადრშიც კარგად ჩანს და მხოლოდ ორი მათგანის დაკავება არაფერს ნიშნავს.

მინდა გამოვეხმაურო გუშინ ძალოვანების დაკავებას. აქ სულელები არავინ არ ვართ. ჯერ ერთი ლევანხ აბეიშვილი არ უცემიათ და უწამებიათ მარტო. ასობით ადამიანზეა საუბარი, მათ შორის ახალგაზრდაზე. ძალიან მერიდებოდა თავის დროზე ჩემ თავზე საუბარი, როცა ეს თავდასხმა მოხდა, ეს არის ფაქტი უტყუარი, მხოლოდ ფოტოსურათი ადასტურებს, რომ არ ჩაიხედო სამედიცინო დასკვნაში. 

კადრში ჩანს ათეულობით ადამიანი და 2 პირის იდენტიფიცირება მოვახდინეთო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, იქ რომ შემითრიეს და წიხლებს მირტყამენ, ეგ არის 20 წამი, მე მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში ვიყავი მათი თავდასხმის ობიექტი. ჩემზე ფიზიკური ძალადობა მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მაშინ პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ვიყავი, მეორე დღეს პარლამენტში გავაკეთე განცხადება და დავასახელე კონკრეტული ადამიანი, რომელიც არათუ მონაწილეობდა ჩემს თავდასხმაში, ვგულისხმობ ე.წ. ხარებას, ხარაზიშვილს, რომელიც ჩემზე ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოვყევი, ეს კაცი რას მთხოვდა და რის სანაცვლოდ შეწყვეტდა ჩემს წამებას.

პირდაპირ ვასახელებ, ვინ დამესხა თავს და ეს ჩვენება არ არის? რას იღებდა გეტყვით - უნდა მეთქვა ჩემს თავზე დამამცირებელი სიტყვა, რომ ვარ ჩმორი და მაშინ თურმე აღარ დამარტყამდნენ. ამ ვიდეოს მერე, ალბათ, ატვირთავდნენ და იტყოდნენ, აგერ, თქვენი ჩმორი ხაბეიშვილი ნახეთ, როგორ ტირის, როგორ წუწუნებსო.

ბოდიში, ვერ მოგართვით, მიუხედავად იმისა, რომ 27 წუთი გაგიგრძელდათ. აჩვენონ ის ვიდეო საზოგადოებას, ვის უგზავნიდნენ? მე მაქვს ინფორმაცია, რომ კობახიძეს, უგზავნიდნენ, პრემიერ-მინისტრი იყო მაშინ, მამუკა მდინარაძეს - ფრაქციის თავმჯდომარე იყო. რა თქმა უნდა, გომელაურს, შს მინისტრი იყო- თქვა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე.

შეგეხსენებთ, რომ 7 მაისს, ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს - განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა. 

ირკვევა, რომ 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები