"საზოგადოებისთვის ძვლის გადმოგდების მცდელობა" - დავით ქაცარავა ძალოვნების დაკავებაზე

08.05.26 19:48
"საზოგადოებისთვის ძვლის გადმოგდების მცდელობა" - დავით ქაცარავა ძალოვნების დაკავებაზე

"საზოგადოებისთვის ძვალის გადმოგდების მცდელობა" - ასე აფასებს დავით ქაცარავა პროკურატურის გამოძიებას, რომლის თანახმადაც ლევან ხაბეიშვილზე, ზვიად მაისაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით სამი ყოფილი, ერთი მოქმედი სეპცრაზმელი და ასევე შსს-ს დაცვის თანამშრომელია დაკავებული. 

დავით ქაცარავა მასზე ძალადობის მომენტებს იხსენებს და ამბობს, რომ ის 5-ჯერ სცემეს და გაქურდეს, პარალელურად ვიდეოს უღებდნენ და ვიღაცას უგზავნიდნენ, შესაბამისად "ეს არის ცალსახად სისტემური მიდგომა". 

ჩემ შემთხვევაში ანგარიშსწორება დაიწყო იმ მომენტიდან, როცა ეს ჯალათები შემომეხვივნენ და გამათრიეს, პირველი დარტყმები მივიღე ზუსტად ამ კონვოირების დროს, შემდეგ ჭიჭინაძეზე როდესაც გამიყვანეს, იქ ცოტა ხანი მალოდინეს, შემომესივნენ ეს ქურდბაცაცები და მათხოვრები - წამართვეს ფული, საფულე ამოიღეს და ფული ამომაცალეს იქიდან, ჩანთა წაიღეს, როგორც შემომესივნენ იცი? - ამაზრზენები იყვნენ. ამას ბუნებრივია ვერ დავივიწყებ ვერასდროს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ამის შემდეგ დამაყენეს წრეში და დაახლოებით 15 ადამიანი მირტყამდა... შემდეგ უკვე ფურგონში, მანქანაში ნახევარი  საათის განმავლობაში შემოდიოდა 3-4 ჯალათი და უკვე იქ მცემდნენ, ბოლო ეპიზოდი იყო, როდესაც უკვე მგუდავდნენ, მახრჩობდნენ, ამის კვალი იყო შემდეგ ნაჩვენები ჩემ კისერზეც. მოკლედ, ჯამში 5-ჯერ მცემეს უმოწყალოდ. 

ეს ვერ იქნებოდა ვიღაცის ინიციატივა, ამასთან ერთად ხდებოდა ამის გადაღება და შემდეგ უკვე ვიღაცასთან გადაგზავნა. ეს ყველაფერი იყო ორკესტრირებული, დაგეგმილი და ამ ნაძირლების დონეზე შესრულებული. 

ეს არის ცალსახად სისტემური მიდგომა და ის, რაც გუშინ ვიხილეთ, რომ ვითომ დააკავეს ეს 5 ნაძირალა, სინამდვილეში, ვფიქრობ, ეს არის მცდელობა, რომ საზოგადოებას გადმოგვიგდონ ძვალი," - განაცხადა დავით ქაცარავამ. 

ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავას და ზვიად მაისაშვილის ცემის საქმეები პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.

მსგავსი სიახლეები