გურამ როგავა ევროპას პროპაგანდისტული „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებისკენ მოუწოდებს
ჟურნალისტი გურამ როგავა ევროპულ ქვეყნებს სამი ქართული ტელეარხის — „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირების მოთხოვნით მიმართავს. ინიციატივა როგავამ ბრიუსელის მედია-კლუბში გამართული დისკუსიის დროს გააჟღერა.
ჟურნალისტის განცხადებით, აღნიშნული ტელეკომპანიები ხელისუფლების პროპაგანდისტულ პლატფორმებად იქცნენ და სისტემურად მალავდნენ მასზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტებს. როგავამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად უამბო, თუ როგორ არ აშუქებდნენ სახელისუფლებო მედია საშუალებები მის საქმეს თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში.
დისკუსიაზე ჟურნალისტმა ასევე ისაუბრა მედიაზე ზეწოლისა და ძალადობის ფაქტებზე და აღნიშნა, რომ მსგავსი ტელევიზიები, მისი შეფასებით, საზოგადოების დეზინფორმაციას ემსახურებიან.
არ დაუჯერეთ არავის, ვინც გეტყვით, რომ ახლა "ქართულმა ოცნებამ" ზნე შეიცვალა, უეცრად გაკეთილშობილდნენ და გადაწყვიტეს, რომ გამოძიონ საქმეები საერთაშორისო საზოგადოებასთან დალაგების მიზნით, საერთაშორისო პარტნიორებთნ ურთიერთობების გადატვირთის მიზნით. პროკურატურაში 7 მაისს ეს ბრიფინგი არ გაიმართებოდა, რეპორტაჟი რომ არ გასულიყო ელისო ჯარიაშვილის გადაცემაში. არანაირი საერთაშორისო გადატვირთვა და ეგ თეორიები არ არის სიმართლე. რეპორტაჟი რომ არ გასულიყო, არაფერსაც არ გამოიძებდნენ. მე ვიცი, აქ ზოგზგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოდის და ფურცლებს დაუდებენ ჩვენს პარტნიორებს, თუ შეიძლება გაიცანით, სტატისტიკა მოგიტანეთ. არა, უთხარით სახელები და გვარები - მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული, ლექსო ქეშელაშვილი, მინდია გაბაძე - აი, ესენი ამ სისტემის პირდაპირი სამინზე გახდნენ, - თქვა გურამ როგავამ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საგამოძიებო უწყებამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ დააიდენტიფიცირა ნიღბიანი პირები, რომლებიც გურამ როგავაზე, ლევან ხაბეიშვილსა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმაში ფიგურირებენ.