ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეში "კანონიერი ქურდის", ნოდარ შუკაკიძის გვარი გაქრა
"კანონიერი ქურდ" ნოდარ შუკაკიძეს, რომელიც შსს-მ ლევან მარღიასთან ერთად ქურდული წესებით გარჩევის მონაწილედ დაასახელა, ბრალი წარდგენილი არ აქვს - ამის შესახებ "პირველებს" მისმა უფლებადამცველმა არჩილ ბერიანიძემ განუცხადა.
კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ ერთი და იგივე საქმეზე განსხვავებული ციფრები დაწერეს.
რა თქვა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გუშინ, 13 აპრილს:
„ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. კიდევ 7 პირს კი ბრალი წარედგინა – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ორი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.
სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები.
დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდებს – ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძეს, რომლებიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ"- განაცხადა დავით კიკნაძემ.
დღეს, 14 აპრილს, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ერთი შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომელსაც ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე ბრალი წარედგინათ - ბრალი 51 პირის ნაცვლად 50 პირს წარუდგინეს.
ცნობისთვის, "ქურდული გარჩევების საქმე" 4 ეპიზოდად დაიყო. პირველ 7 კაციან ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლოშო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობას მოსამართლე ეკა ბარბაქაძე იწყებს. როგორც დაკავებულები ადვოკატები "პირველებთან" აცხადებენ, ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან.
- საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტ ბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს, რის შემდეგაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას.