"რუსთაველის თეატრის შენობა გადაიქცა ფულის საჭრელ ობიექტად" - მსახიობები რუსთაველის თეატრში გამართულ რუსულ წარმოდგენაზე
ქართველი მსახიობები შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე, რუსი სტუდენტების მიერ გამართულ სპექტაკლს ეხმაურებიან.
საუბარია 14 მაისს რუსთაველის თეატრის სცენაზე გამართულ წარმოდგენაზე, რომელიც რუსმა მსახიობებმა გამართეს.
ირმა სოხაძის თქმით, რუსთაველის თეატრის კედლებში "რუსული ცეკვა-თამაში არ უნდა ისმოდეს". მსახიობი აღნიშნავს, რომ რუსეთმა მოახერხა და იმდენი ბოროტება ჩაიდინა, რომ რუსული ლექსები და სიმღერები "ჟღერს, როგორც აუტანელი გამოძახილი, ეხო იმისა, რაც ჩვენ დაგვმართა რუსეთმა".
ამ კედლებში დღეს რუსული ცეკვა-თამაში არ უნდა ისმოდეს, რაც არ უნდა ფაშიზმის წინააღმდეგ გამოდიოდეს ყველა და გვიხაროდეს, რომ ფაშიზმი დამარცხდა ამ ომში ზოგადად. მაგრამ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო რუსული, გრიბოედოვის სახელობის, მშვენიერი თეატრი, მშვენიერი სცენით, სადაც ყოველთვის იმართებოდა 9 მაისის კონცერტები. ეს ადრეც იწვევდა გარკვეულ რაოდენობებში მოსახლეობის რაღაცა გაუგებრობებს, მაგრამ გასაგები იყო, რომ ამ ომში ჩვენც ვმონაწილეობდით, დიდი მსხვერპლი გავიღეთ, სიმღერებს ვმღეროდით და ვუსმენდით.
დღეს, ყველაფერთან ერთად რუსეთმა მოახერხა, იმდენი ბოროტება ჩაიდინა, რომ სიმონოვის ლექსია თუ ტვარდოვსკის, ჟღერს, როგორც აუტანელი გამოძახილი, ეხო იმისა, რაც ჩვენ დაგვმართა რუსეთმა მთელი ამ წლების განმავლობაში," - ამბობს ირმა სოხაძე.
ანა ამილახვარი ამბობს, რომ რუსთაველის თეატრის რუსი სტუდენტებისთვის დათმობა შეურაცხმყოფელია იმის ფონზე, რომ ახალგაზრდა ქართველი მსახიობები თეატრიდან გამოაგდეს.
მსახიობის თქმით, ბევრად უფრო რთული პრობლემებია თეატრში, ვიდრე რუსი სტუდენტების გამართული სპექტაკლი - "რუსთაველის თეატრის შენობა გადაიქცა ფულის საჭრელ ობიექტად".
ნამდვილად შეურაცხმყოფელია იმის ფონზე, რომ ჩვენ ახალგაზრდა მსახიობები, რომლებიც ვშრომობდით წლების განმავლობაში და ვცხოვრობდით რუსთაველის თეატრში... გამოგვაგდეს თეატრიდან, ამას გამოგდება ჰქვია ნამდვილად. ბევრად უფრო რთული პრობლემებია თეატრში, ვიდრე რუსი სტუდენტების გამართული სპექტაკლი.
მართლა მრჩება შთაბეჭდილება, რომ სპეციალურად ხდება ეს ყველაფერი იმიტომ, რომ რუსთაველის თეატრის შენობა გადაიქცა ფულის საჭრელ ობიექტად," - ამბობს ანა ამილახვარი.
მსახიობი მეგი კობალაძის თქმით, დამამშვიდებელია, რომ სამომავლოდ ყველას ეცოდინება "ვინ რა გააკეთა, რისი გულისთვის, რატომ და რა იკადრა".
სამწუხარო ფაქტია თავისთავად, ძაან სევდიანია, მაგრამ ყველაზე მეტად ის მამშვიდებს, რომ დღეს, ჩვენს ეპოქაში ისტორიას ვერ გავაყალბებთ, ის რა შეცდომებსაც დავუშვებთ ნებისმიერი ადამიანი, შეინახება. აქედან გამომდინარე, სამომავლოდ გვეცოდინება ვინ რა გააკეთა, რისი გულისთვის, რატომ, რა იკადრა," - თქვა მეგი კობალაძემ.
წინა კვირას თბილისში გამართული ღონისძიება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავს მიეძღვნა. შესრულდა რუსული სიმღერები, წაიკითხეს რუსი მწერლების და პოეტების ლექსები.