რუსულ დასს სცენა ფულის გამო დაუთმეს - რუსთაველის თეატრში რუსული სიმღერები ისმოდა
რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებს, რუსთაველის თეატრის სცენა, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სპექტაკლის საჩვენებლად დაუთმეს. რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის სახელმწიფო თეატრში შეასრულეს საბჭოთა დროინდელი სამხედრო სიმღერები "კატიუშა", "ბნელი ღამე" და "ლურჯი ცხვირსახოცი". წაიკითხეს სიმონოვის, ვისოცკის და ტვარდოვსკის ლექსებიც. საბჭოთა იდეოლოგიით გაჟღენთილი სპექტაკლის ჩვენების ორგანიზატორი შვეიცარიის საელჩოში არსებული რუსეთის ინტერესების სექცია იყო. სწორედ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ ჩვენებას დიპლომატიური კორპუსის და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსული ახალბედა მსახიობები კმაყოფილებას ვერ მალავენ იმ ფაქტის გამო, რომ თბილისში შეკრებილ მაყურებელს უჩვენეს სპექტაკლი, რომელიც ყველაფერია სპექტაკლის გარდა. "კატიუშა და სხვა მელოდიები" - უფრო მეტად კრემლის რბილი ძალის კლასიკური დემონსტრირება. სპექტაკლის შემდეგ კი რუსმა მსახიობებმა მიირთვეს ქართული ხინკალი და ქართული ღვინოც.
როგორ მოხდა რომ რუსთაველის თეატრში რუსული სპექტაკლი უპრობლემოდ უჩვენეს? - თეატრის დირექტორი გვარწმუნებს, რომ სცენა ხელოვანებს ფულის სანაცვლოდ დაუთმო. რუსთაველის თეატრში მცირე სცენის დაქირავება 10 ათასი ლარი ჯდება, გია თევზაძე კი ამბობს, რომ თუ შემოთავაზება ისევ იქნება, კიდევ დათანხმდება.