სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს, ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გარდაცვლილის ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება.
უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
„მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”, - აღნიშნავს პროკურატურა
განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც - სუს-ი მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ანტიკორუფციული სააგენტოს გამორჩეული, ღირსეული და პროფესიონალი თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.
მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის და ჩვენი სამსახურისთვის", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, 2026 წლის იანვარში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს კიდევ ერთი თანამშრომლის ცხედარი თბილისში, სუსის შენობასთან - Hyundai Tucson-ის მარკის ავტომობილში ნახეს.