"სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადაჰყავდა" - დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე

25.05.26 11:05
"სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადაჰყავდა" - დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით,  ერთ-ერთი დაკავებული თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ბრალდებულის სახით მასთან ერთად დაკავებული მამაკაცის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაყვანას ცდილობდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ბრალდებულის სახით მასთან ერთად დაკავებული მამაკაცის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაყვანას, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის "სარფის" გვერდის ავლით,  უკანონოდ და მალულად ცდილობდა. 

პოლიციამ ორივე  მათგანი სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 - 344-ე პრიმა, 19-344-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერს შსს.