საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხეშია, პუტინის იმპერიაში მიგვაქანებს ივანიშვილის რეჟიმი - ბოკუჩავა

26.05.26 19:39
 საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხეშია, პუტინის იმპერიაში მიგვაქანებს ივანიშვილის რეჟიმი - ბოკუჩავა

საქართველოს დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ, 35 წლის შემდეგაც საფრთხეშია, იმიტომ რომ დღეს ქვეყანას მართავს რეჟიმი, რომელიც ხელყოფს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, - ამის შესახებ ენმ-ის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ თსუ-სთან განაცხადა, სადაც საპროტესტო მსვლელობისთვის იკრიბებიან.

ბოკუჩავას თქმით,  “საბჭოთა კავშირის რეინკარნირებულ ვარიანტში, პუტინის იმპერიაში მიაქანებს ქვეყანას და ხალხს ივანიშვილის რეჟიმი“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, საზოგადოების ხმა გაიგონონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი აცნობიერებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ, 35 წლის შემდეგაც საფრთხეშია, იმიტომ რომ დღეს ქვეყანას მართავს რეჟიმი, რომელიც ხელყოფს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, იმ დიდ მონაპოვარს, რომელიც მოიტანეს წინა თაობებმა, იმიტომ რომ 26 მაისს ბუნებრივია აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, ახლა კი პრაქტიკულად საბჭოთა კავშირის რეინკარნირებულ ვარიანტში, პუტინის იმპერიაში მიგვაქანებს ივანიშვილის რეჟიმი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, მათ შორის ის ადამიანებიც, ვინც დღეს აქ არ არიან, საფრთხეს გრძნობენ, ამ აქციის სულისკვეთებას უერთდებიან, რადგან ყველასთვის ძვირფასია საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ ამ რეჟიმის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ იყვნენ ამ დიდი სახალხო ზეიმის ნაწილი, იმიტომ რომ თვითონ არიან დამნაშავენი დამოუკიდებლობის ხელყოფის საქმეში. 

რაც შეეხება ამ აქციების განგრძობადობას, რა თქმა უნდა, ასეთ მნიშვნელოვან თარიღზე დღეს ერთჯერადად შეკრება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გაიგონონ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალებმა შევძლოთ ხალხის ენერგიის მაქსიმალური მობილიზება იმისთვის, რომ ამ პროტესტს განგრძობითი ხასიათი მიეცეს.

ადამიანები რუსთაველზე ყოველდღიურად დგანან იმისთვის, რომ პროტესტის კერა შევინარჩუნოთ. მე აქ ვნახე რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები, მაგრამ საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც არის პროტესტის კერები და მხოლოდ თბილისში არ არის, რაც იმას ადასტურებს, რომ პროტესტი მთელს ქვეყანაში არსებობს, უბრალოდ ჩვენი ვალია, როგორც პოლიტიკოსების, რომ ეს პროტესტის კერები გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ და საერთო ეროვნულ პროტესტად ვაქციოთ იმისთვის, რომ ეს რეჟიმი მოვაშოროთ ხელისუფლებას, რომელიც დღეს აქვს მიტაცებული”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები