„ისტორიული ნაბიჯი“ — რუბიომ ერევანში აშშ-სომხეთის ახალი სტრატეგიული შეთანხმება გააფორმა
სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის გავლენის გაძლიერებაზე საუბრობს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომლის ერევანში ვიზიტიც სომხეთთან ახალი სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. ვაშინგტონმა და ერევანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს სახელწოდებით — „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, რომელსაც თავად რუბიო რეგიონისთვის „ისტორიულ ნაბიჯს“ უწოდებს.
ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და სომხეთის სუვერენიტეტის გაძლიერებას ემსახურება. რუბიოს თქმით, აშშ და სომხეთი „ახალი ეკონომიკური პარტნიორობის საფუძველს“ ქმნიან, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება.
ნამდვილად მოხარული ვარ დღეს აქ ყოფნით, რათა გავაგრძელოთ პრეზიდენტ ტრამპისა და პრემიერ-მინისტრის ხედვის წინ წაწევა მომავლისთვის. ეს არის გაბედული გზა , გაბედული გზა მშვიდობისკენ სამხრეთ კავკასიაში, რომელიც გასული წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამყარდა. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ საგარეო საქმეთა მინისტრთან შემოერთება, რათა ხელი მოვაწეროთ ამ ორმხრივ შეთანხმებას ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, რომელიც ცნობილია როგორც თრიფი. ეს შეთანხმება დღემდე გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯია ამ ისტორიული მარშრუტის რეალობად ქცევის, მშვიდობის წინსვლისა და სომხეთში, და მთლიანად რეგიონში, კეთილდღეობის გაზრდის გზაზე. ჩვენ დღეს აქ ვართ, რათა გავაგრძელოთ ამაზე მუშაობა, რის გამოც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება კარგი შესაძლებლობაა აშშ-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების მომავლის დასასახად. ეს ქმნის პარტნიორობის ახალ გზას და ეკონომიკურ შესაძლებლობებს როგორც სომხებისთვის, ისე ამერიკელებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ საფუძველს ვუყრით ისეთ ეკონომიკურ ჩართულობას, რომელიც სომხებს მისცემს შესაძლებლობას გამოიმუშაონ ფული და მიაღწიონ კეთილდღეობას, და ამავეს გააკეთებენ ამერიკელებიც და ამას გავაკეთებთ ერთად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მყარი გზა ერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ამასთან, ეს ყოველთვის კეთდება თქვენი, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, სუვერენიტეტის პატივისცემით, და იმ გზებით, რაც ორმხრივად მომგებიანია. სწორედ ასე მუშაობს ორმხრივი ურთიერთობები საუკეთესოდ , როდესაც ორივე ქვეყანა ხედავს სარგებელს ერთობლივ მუშაობაში. ურთიერთობები კი მაშინ ხდება სტრატეგიული, როდესაც იზიარებთ საერთო ხედვას მომავლის შესახებ და აცნობიერებთ, რომ ერთმანეთთან პარტნიორობით შეგიძლიათ ერთად მიაღწიოთ უკეთეს მომავალს, - განაცხადა რუბიომ.