თევზი 20%-ით, ხორცი 10%-ით, პური 7%-ით გაძვირდა - რას ამბობენ "ოცნებაში"

03.06.26 15:23
თევზი 20%-ით, ხორცი 10%-ით, პური 7%-ით გაძვირდა - რას ამბობენ "ოცნებაში"

სურსათზე ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება. ბოლო მონაცემებით, თევზი დაახლოებით 20 პროცენტით, ხორცი 10 პროცენტით, ხოლო პური და პურპროდუქტები 7 პროცენტით გაძვირდა. ფასმა მოიმატა იმ პროდუქტებზეც, რომლებიც მოსახლეობის ყოველდღიურ სამომხმარებლო კალათაში შედის.

გაძვირება შეეხო იმ სასურსათო პროდუქტების ნაწილსაც, რომელთა გაიაფების კამპანიას "ოცნების" ხელისუფლება ბოლო პერიოდში აქტიურად აწარმოებდა. 

ივანიშვილის გუნდში კი ამტკიცებენ, რომ მთავრობისა და პარლამენტის შესაბამისი კომისიების მუშაობამ გარკვეული შედეგი გამოიღო და რიგ პროდუქტებზე ფასების შემცირება უკვე დაფიქსირდა. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის მტკიცებით, ცალკეულ პროდუქტებზე გაძვირება ტრანსპორტირების ხარჯებისა და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარების შედეგია, ხოლო ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბრუნებისთვის შესაბამისი ეკონომიკური ინსტრუმენტები უკვე ამოქმედებულია.

გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი. საკითხზე მუშაობდა კომისია და გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული, თუმცა ერთ თვეში ეს ნამდვილად ვერ მოხდებოდა. გარკვეული მიმართულებით მუშაობს როგორც მთავრობაში შექმნილი ჯგუფი, ასევე პარლამენტის დასკვნა გვაქვს ჩვენ ამასთან დაკავშირებით, თუმცა ის, რომ გარკვეულ პროდუქტებზე აის ფასების ზრდა, ეს მათ შორის ტრასნპორტირების ხარჯების ნაწილით არის გამოწვეული, ვიცით გარკვეული მიზეზები ამისი, მათ შორის საწვავის გაძვირების მიმართულებით. ყურძენი რა თქმა უნდა არ არის შემოსავალი, იმპორტირებულ ყურძენზე ვართ დღეის მდგომარეობით, დღეს ხომ ვერ იქნება ყურძენი ადგილობრივი წარმოების, ამიტომ აუცილებელია ინფლაციის კონტროლი, შესაბამისი ნაბიჯები გადადგმულია უკვე და მე დარწმუნებული ვარ, იმ მეთოდით და ინსტრუმენტებით, რასაც ეროვნული ბანკი ფლობს, იმას კიდევ გააგრძელებს იმ საჭიროებით და იმ დოზით, რაც აუცილებელი იქნება მიზნობრივი ინფლაციის ერთ დონეზე დაბრუნებისთვის, - ამბობს გიორგი კაკაურიძე. 

შალვა პაპუაშვილი კი ამტკიცებს, რომ მთლიანობაში სურსათზე ფასები დაკლებულია, რაც მთავრობის დამსახურებაა. 

ტენდენცია არის ბოლო 2-3 თვის, რომ სურსათზე ფასები მთლიანობაში იკლებს, რაღაც პროდუქტზე შეიძლება მოიმატოს ეზონურობიდან გამომდინარე და ა.შ., მაგრამ სურსათზე იკლებს. კარგია, მათ შორის, ჩვენ ამაშ ვხედავთ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მუშაობის შედეგს, - ამბობს პაპუაშვილი.